ჩინეთი კოსმოსის ათვისებაში პირველობის მოსაპოვებლად ბრძოლას განაგრძობს. ამჟამად ის ახალ მთვარემავალზე მუშაობს, რომელსაც დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთ პოლუსზე 2026 წელს გაუშვებენ.

ეს მისია Chang'e 7-ის ფარგლებში მოხდება, რომლის სამიზნე რეგიონების სიაშიც, სამხრეთ პოლუსთან ერთად, მთვარის შორეული მხარეცაა. ამ არეალს დედამიწიდან ვერ ვხედავთ, ამიტომ მისი შესწავლა მნიშვნელოვანია. ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე ორბიტაზე განსათავსებელ ზონდს, მავალსა და მცირე ზომის მფრინავ დეტექტორს გაგზავნიან, რომელიც ჩრდილში მოქცეულ კრატერებს გამოიკვლევს და წყლის ყინულის პოვნას შეეცდება.

ახალი მთვარემავალი დაახლოებით 140-კილოგრამიანი აპარატების, Yutu-სა და Yutu 2-ის მაგვარი იქნება, რომლებიც 5-წლიანი შუალედით განხორციელებული მისიების, Chang'e 3-სა და Chang'e-ის 4 ნაწილია.

Yutu 2.

ფოტო: CNSA/CLEP

"Chang'e 7-ის მავალი Chang'e 4-ისაზე ოდნავ დიდი იქნება. ის იმისთვისაა შექმნილი, რომ სხვადასხვა ხელსაწყო ატაროს და თითქმის იმავენაირი სტრუქტურისაა", — ამბობენ მის დიზაინზე მომუშავე მეცნიერები, რომელთა თქმითაც, ახალი აპარატი უფრო დამოუკიდებლადაც იფუნქციონირებს.

როვერი პანორამული კამერითა და რადარით იქნება აღჭურვილი, რომლითაც გრუნტქვეშა გარემოს გამოიკვლევენ. ასევე, მასზე დამონტაჟებული იქნება მაგნიტომეტრი, რამანული სპექტრომეტრი და ატომის საანალიზო ხელსაწყო, რომელიც შვედეთში შეიქმნა.

Chang'e 7-მდე ჩინეთი 2024 წლისთვის მთვარის შორეული მხრიდან გეოლოგიური ნიმუშების მოპოვებას შეეცდება. 2028 წელს კი მისია Chang'e 8 იგეგმება, რომლის ფარგლებშიც საფუძველი ჩაეყრება მთვარის საკვლევ საერთაშორისო სადგურს, სადაც ასტრონავტებიც გაემგზავრებიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.