რამდენიმე საათში დედამიწას ასტეროიდი ზოგიერთ სატელიტზე ახლოს ჩაუვლის
BBC-ის ცნობით, რამდენიმე საათში დედამიწას ასტეროიდი, სახელად 2023 BU იმაზე ახლოს ჩაუვლის, ვიდრე ზოგიერთი ხელოვნური თანამგზავრი. ის სამხრეთ ამერიკას ათასობით კილომეტრ დისტანციაზე გადაუფრენს, თუმცა პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რადგან ჩვენს პლანეტას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ცნობილია, დედამიწასა და ამ ობიექტს შორის ყველაზე ახლო მანძილი 3 600 კილომეტრი იქნება. ეს ასტეროიდი მოყვარულმა ასტრონომმა, გენადი ბორისოვმა ყირიმის ნახევარკუნძულიდან აღმოაჩინა. დამატებითი დაკვირვებების მეშვეობით მეცნიერებმა 2023 BU-ს ზომა და ორბიტა გამოთვალეს. სწორედ აქედან დაასკვნეს, რომ აღნიშნულ სხეულთან შეჯახება არ გვემუქრება, მაგრამ ის მოძრაობისას სატელიტების ერთგვარ თაღში შეაღწევს, რომელიც ჩვენს მაღლა 36 000 კილომეტრ მანძილამდე ვრცელდება.
სპეციალისტთა გამოთვლებით, პლანეტასთან უახლოეს წერტილამდე ასტეროიდი თბილისის დროით 27 იანვარს, ღამის 04:27 საათზე მოვა.
აღსანიშნავია, რომ 2023 BU-თან შეჯახება დიდ ზიანს ისედაც არ მოგვიტანდა. მისი ზომა 3.5-და 8.5 მეტრამდეა, რაც ნიშნავს, რომ ობიექტის უდიდესი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისთანავე დაიწვებოდა და ცაზე კაშკაშა ბურთის სახით გამოჩნდებოდა. შედარებისთვის, 2013 წელს რუსეთის თავზე დაახლოებით 20-მეტრიანი ჩელიაბინსკის მეტეორის შემოღწევას მძლავრი დარტყმითი ტალღები მოჰყვა, რის გამოც მრავალი შენობის ფანჯრები ჩაიმსხვრა.
მეცნიერები ამბობენ, რომ 2023 BU-ს ტრაექტორია დედამიწასთან ჩავლის შემდეგ ოდნავ შეიცვლება. კერძოდ, ის მზის გარშემო თითქმის წრიულ ორბიტაზე მოძრაობას 359 დღეს ანდომებდა, ახლა კი ეს პერიოდი 425 დღემდე გახანგრძლივდება.
ასტრონომები მსგავს ობიექტებს მუდმივად აკვირდებიან და პოტენციურად საფრთხის შემცველი სხეულების გამოვლენას ცდილობენ, ისეთების, როგორთან შეჯახებამაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.
კომენტარები