CES 2023 — Mercedes აშშ-ში ავტომობილებს მესამე დონის ავტონომიური მართვის სისტემით აღჭურვავს
გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Mercedes-Benz გახდება პირველი კომპანია აშშ-ში, რომელიც ავტომობილებს მე-3 დონის ავტონომიური მართვის ტექნოლოგიით აღჭურვავს. Drive Pilot-ის სისტემის გამოყენების ლიცენზია კომპანიამ უკვე მიიღო. სიახლე ავტომოყვარულებმა CES 2023-ზე (Consumer Electronics Show) იხილეს.
კომპანიის ცნობით, ნევადის სატრანსპორტო საშუალებების დეპარტამენტმა ნებართვა უკვე გასცა და ახლო მომავალში Mercedes შესაბამისი ავტომობილების წარმოებას დაიწყებს.
გასული წლის მაისში Mercedes-Benz გახდა პირველი ავტომწარმოებელი მსოფლიოში, რომელმაც ავტომატიზებული მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი მიიღო. აქამდე კომპანია მესამე დონის თვითმართვადი სისტემით აღჭურვილ ავტომობილებს მხოლოდ გერმანიაში ყიდდა.
რა არის მესამე დონის ავტონომიური სისტემა
Drive Pilot-ის სისტემას ავტონომიური მართვის მოვალეობების შესრულება 60 კმ/სთ სიჩქარემდე შეუძლია. თვითმართვადი სისტემის გამოყენება შესაძლებელია შესაფერის ტრასაზე და მაშინაც კი, როცა ტრასა გადატვირთულია. კომპანია აცხადებს, რომ ეს მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ მოეშვას და ფოკუსირდეს სხვა საქმეებზე (სამსახური, ინტერნეტი, ფილმის ყურება და ა.შ), როცა გზა გადატვირთულია.
მესამე დონის სისტემა ავტონომიური მართვის მაღალ ხარისხს გვთავაზობს, თუმცა მძღოლის ჩართულობა გარკვეულ სიტუაციებში მაინც აუცილებელია. ასეთ დროს, ავტომობილი მძღოლს გააფრთხილებს, რომ საჭე გადაიბაროს. ამ მომენტში ევროპაში Drive Pilot-ის სისტემით S-Class და EQS სედანებია აღჭურვილი.
მოძრაობის ზოლის შეცვლის ავტონომიური სისტემა
ამერიკის ბაზარზე Mercedes მოძრაობის ზოლის შეცვლის ავტონომიური სისტემის შეტანასაც გეგმავს (ALC). ეს ტექნოლოგია ავტომობილს საშუალებას აძლევს, კრუიზ კონტროლის პირობებში თავად გადაწყვიტოს, როდის უნდა შეიცვალოს მოძრაობის ზოლი და დაბალ სიჩქარეზე გადაასროს კიდეც სხვა მანქანებს.
ALC ავტონომიური მართვის მე-2 დონის სისტემებს მიეკუთვნება, რაც ნიშნავს, რომ ის მძღოლის მუდმივ ყურადღებას მაინც მოითხოვს. ავტომობილი ამ დროს სენსორებისა და კამერების საშუალებით აკონტროლებს გარემოს და ცდილობს, საავარიო სიტუაცია არ შექმნას. გადასწრების დასრულების შემდეგ, ავტომობილი თავდაპირველ ზოლს თავად უბრუნდება.
ერთი სიტყვით, იმას, რაც აქამდე მხოლოდ შეზღუდულ ბაზარზე იყო ხელმისაწვდომი, Mercedes მალე მთელ მსოფლიოს შესთავაზებს.
კომენტარები