სამხრეთ კორეაში ტვინისმჭამელი ამებით სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
The Korea Times-ის ცნობით, სამხრეთ კორეაში ტვინისმჭამელი ამება Naegleria Fowleri-ის ინფექციით სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ თვეში დაავადება აშშ-ში ვრცელდებოდა და ახლა, როგორც ჩანს, სხვა ქვეყნებშიც მოიკიდა ფეხი.
ასევე იხილეთ: აშშ-ში იშვიათი ამება ვრცელდება, რომელიც ადამიანის ტვინს ჭამს
სიკვდილი ათ დღეში
60 წლამდე კაცის სიკვდილი სიმპტომების გამოვლენიდან ათ დღეში დაფიქსირდა. სავარაუდოდ, დაავადება მას ტაილანდში შეეყარა.
კორეის დაავადებების კონტროლის სააგენტომ (KDCA) ორშაბათს დაადასტურა, რომ პაციენტს ნამდვილად Naegleria Fowleri-ის ინფექცია სჭირდა.
ინფექციის სიმპტომები, რომელიც მამაკაცს ტაილანდიდან ჩამოსვლის დღეს გამოუვლინდა, მენინგიტისას ემთხვევა — თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ღებინება, მეტყველების გართულება და კისრის გაშეშება.
ის საავადმყოფოში დროულად, მეორე დღესვე გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
KDCA-მ დაავადების გადაცემის ზუსტი მარშრუტის აღწერა ვერ შეძლო, თუმცა, დიდი ალბათობით, პაციენტს ის დაბინძურებულ წყალში ცურვისას შეეყარა.
როგორ გადაეცემა Naegleria Fowleri
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ამბობს, რომ Naegleria Fowleri წყალში გვხვდება და ადამიანის ორგანიზმში ცხვირიდან აღწევს. ჩვეულებრივ, ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანი მდინარესა და ტბაში ცურავს, წყალში სიმაღლიდან ხტება ან თავს დიდი ხნით აჩერებს წყალქვეშ. ამება ცხვირიდან ტვინამდე მიდის, ანადგურებს ტვინის ქსოვილებს და იწვევს ამებოიდურ მენინგოენცეფალიტს (PAM). ეს ინფექცია თითქმის ყოველთვის სასიკვდილოა.
ამების გავრცელების ალბათობა თბილ ამინდებში იზრდება. Naegleria Fowleri სითბოსმოყვარული ორგანიზმია, რაც ნიშნავს, რომ თბილი წყალი მისი სასურველი გარემოა. ის 46°C ტემბერატურაზე საუკეთესოდ იზრდება და უფრო მაღალ ტემპერატურასაც უძლებს. შესაბამისად, ზაფხულის თვეებში ინფექციის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი.
სიმპტომები ორგანიზმის ტვინში მოხვედრიდან 12 დღის შემდეგ ვლინდება, საშუალოდ 5 დღეში კი პაციენტი კვდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მკურნალობის ეფექტური საშუალება არ არსებობს და დიაგნოზი თითქმის ყოველთვის ძალიან დაგვიანებულია.
1962-2021 წლებში ინფექციის მხოლოდ 154 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, რომლიდანაც სიკვდილით 150 დასრულდა. საბედნიეროდ, დაავადება ძალიან იშვიათია და დღემდე მხოლოდ 430 შემთხვევაა დადასტურებული.
კომენტარები