ისტორიაში პირველად: ღვიძლის კიბოს დადგენა შარდის ანალიზით იქნება შესაძლებელი
სიმსივნის დადგენა დღესდღეობით, ჩვეულებრივ, ქირურგიული ჩარევით, ულტრაბგერითი სკანირებით ან სისხლის ანალიზით ხდება. ამ მეთოდებიდან თითოეული ინვაზიურია და საავადმყოფოში ვიზიტს მოითხოვს.
ეს შეიძლება მალე შეიცვალოს. The Herald-ის ცნობით, გლაზგოს ბიტსონის სიმსივნის კვლევის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა ბიომარკერი, რომელსაც შარდის ანალიზით ღვიძლის კიბოს გამოვლენა შეუძლია.
"სავარაუდოდ, ღვიძლის კიბოთი დაავადებული ადამიანების რიცხვი გაიზრდება და გვჭირდება ხელსაწყოები, რომელიც მის აღმოჩენასა და ადრეულ მკურნალობაში დაგვეხმარება. ჩვენ ამ ახალი, ძუძუმწოვრებში აქამდე უცნობი მეტაბოლიტის აღმოჩენამ აღგვაფრთოვანა. ის კარგი კანდიდატია დიაგნოსტიკური გამოკვლევებისთვის, რადგან დამახასიათებელია ღვიძლის კიბოს კონკრეტული ტიპისთვის და შარდში მისი შემჩნევაც მარტივია. პოტენციურად, მეტაბოლიტი სიმსივნის ზრდის მონიტორინგისთვის შეიძლება გამოვიყენოთ", — განაცხადა დოქტორმა სავერიო ტარდიტომ, გაერთიანებული სამეფოს ბიტსონის ინსტიტუტის მთავარმა მკვლევარმა.
ღვიძლის სიმსივნით დაავადებული პაციენტების დაახლოებით ერთ მეოთხედში ავადმყოფობის განვითარება ცილოვანი მოლეკულის, ბეტა-კატენინის შედეგია.
თუ ახალი ტესტი ამ მოლეკულას დააფიქსირებს, ეს ღვიძლის სიმსივნის ინდიკატორი იქნება. რაც შეეხება კიბოს დიაგნოსტიკის სხვა ტექნოლოგიებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით შარდის ანალიზით დადგენის სხვა საშუალებები არ არსებობს, ალტერნატიული საშუალებების კვლევა აქტიურად მიმდინარეობს.
ალტერნატიული საშუალებები
2020 წელს შექმნეს სისხლის ტესტი, რომელიც 4000 ადამიანიდან აღებულ ნიმუშებს ეყრდნობოდა და 50-ზე მეტი ტიპის კიბოს ამოცნობა შეეძლო (ზოგ შემთხვევაში სიმპტომების გამოჩენამდეც). მეტიც, ტესტი ზუსტი იყო 12 ყველაზე საშიში ფორმის, მათ შორის პანკრეასის სიმსივნის შემთხვევაშიც, რომელიც, როგორც წესი, გვიან ხდება შესამჩნევი.
ასევე 2020 წელს მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა შექმნა სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს ხუთი ყველაზე გავრცელებული ფორმის აღმოჩენა სხვა თანამედროვე მეთოდებზე არც მეტი, არც ნაკლები, ოთხი წლით ადრე შეუძლია.
ამ მეთოდით შესაძლებელია კუჭის, საყლაპავის, კოლორექტული, ფილტვისა და ღვიძლის სიმსივნეების აღმოჩენა.
ბოლოს კი, რაც ყველაზე მთავარია, 2022 წლის დასაწყისში გამოიგონეს არაინვაზიური კონტაქტური ლინზები, რომელთა საშუალებითაც კიბოს აღმოჩენა და, სავარაუდოდ, მკურნალობაცაა შესაძლებელი. ჯერჯერობით ეს ტექნოლოგია მხოლოდ ლაბორატორიულ უჯრედებზე გამოიცადა, თუმცა ახლო მომავალში მისი ადამიანებზე გამოცდაც იგეგმება.
კომენტარები