რეკორდი: მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილმა 1000კმ გაიარა
პრეს რელიზის მიხედვით, ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილმა მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილმა, Sunswift 7-მა, სრულად დატენილი ბატარეით 1000კმ-ის გავლა შეძლო, რითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
სამხრეთ ავსტრალიის სატესტო ტრასაზე დაფიქსირებული შედეგი, ელექტრო მანქანის (EV) მიერ ერთი დატენვით გავლილი უდიდესი მანძილია. Sunswift 7-მა გადაასწრო Lucid Air Dream Edition-ს, რომელმაც 837 კილომეტრის გავლა შეძლო.
Sunswift 7, Sunswift-ის მე-7 თაობა, სრულად მზის ენერგიაზე მუშაობს და წიაღისეულ საწვავს არ საჭიროებს. ავტომობილი აღჭურვილია 6 კვადრატული მეტრის ფართობის ფოტოელემენტით, რომელიც მზის სხივებს ელექტროენერგიად გარდაქმნის, რათა მანქანის ელექტრო ძრავა დატენოს. დამატებით, ავტომობილს აქვს მცირე ზომის ბატარეა, რომელიც ჭარბ ენერგიას ინახავს იმ დროისთვის, როცა მზის ნათება ნაკლებია.
გუნდი, რომელმაც Sunswift 7 შექმნა, ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა, რათა აეწყო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ეფექტიანთან ერთად, პრაქტიკული EV-იც იქნებოდა. სტუდენტების მიზანს წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების კონკურენტუნარიანი ალტერნატივის შექმნა წარმოადგენდა. გარდა დაფარული დისტანციის რეკორდისა, Sunswift 7 ჯერჯერობით ყველაზე სწრაფი მზის ენერგიის ავტომობილიცაა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 100კმ/სთ-ს აღწევს.
Sunswift 7-ის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო დღესდღეობით წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებასა და ალტერნატიული საშუალებების მოძებნას ცდილობს. ელექტრომობილი ამის ჯერჯერობით არსებული საუკეთესო ვარიანტია, თუმცა წლებია მის მთავარ გამოწვევად გადაადგილების დისტანცია რჩება.
ელექტრომობილებს შორეულ დისტანციაზე გადაადგილებაც შეეძლებათ
Sunswift 7-ის რეკორდული გამოცდა ელექტრომობილების შორეულ დისტანციაზე გადაადგილების პერსპექტივას აჩვენებს. აღსანიშნავია, რომ ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოკვეთეს.
"რეკორდის დამყარების პროცესში ენერგიის მოხმარება 100 კილომეტრზე 3.8 კვტ.სთ იყო, როცა თანამედროვე ყველაზე ეფექტური EV-ების შემთხვევაშიც კი ეს მაჩვენებელი 15 კვტ.სთ-ზე დაბლა არ ჩამოსულა, საშუალოდ კი 20 კვტ.სთ-ს შეადგენს. რა თქმა უნდა, Sunswift 7 სერიულ წარმოებაზე გათვლილი ავტომობილი არ არის, რადგან კომფორტზე აქცენტი არ გაგვიკეთებია და წარმოების ფასიც მაღალია. მიუხედავად ამისა, ის აჩვენებს, რომ თუ გსურთ, გახადოთ ავტომობილები უფრო ეფექტური, მდგრადი და ეკომეგობრული, ეს შესაძლებელია", — განაცხადა გუნდის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რიჩარდ ჰოპკინსმა
საბოლოოდ, Sunswift 7-ის წარმატება განახლებადი ენერგიის ისეთი წყაროების პოტენციალის მტკიცებულებაა, როგორიც, მაგალითად, მზის ენერგიაა. რაც მეტი ადამიანი გაიგებს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების სარგებელზე გარემოსთვის და ეკონომიკისთვის, მით მეტი ყურადღება დაეთმობა იმ ტექნოლოგიების შესწავლასა და გამოყენებას, რომელიც ამ წყაროებს ეყრდნობა.
კომენტარები