Apple-მა iOS 16.2 გამოუშვა — რა არის ახალი
13 დეკემბერს Apple-მა iOS 16.2 გამოუშვა. განახლებაში შევხვდებით Music App-ის კარაოკე ფუნქციასა და სხვა არაერთ სიახლეს, რომლის გამოცდის საშუალებაც iPhone-ის მომხმარებლებს ექნებათ. გარდა iOS 16.2-ისა, iPadOS 16.2, Watch iOS 9.2 და MacOS Ventura 13.1 გამოვიდა.
ერთ-ერთ მთავარ სიახლეს Mac-ის, iPhone-ისა და iPad-ისთვის განკუთვნილი აპლიკაცია Freeform წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელს მეგობრებთან ერთად შემოქმედებითი საქმიანობის წარმართვის შესაძლებლობას აძლევს.
სხვა სიახლეებთან ერთად iOS 16.2-ში ვხვდებით Apple Music Sing-ს, Apple Music-ის განახლებას, რომელიც, როგორც უკვე ვახსენე, კარაოკეს მოყვარულებს ძალიან გაახარებს. ასევე, განახლების გადმოწერის შემდეგ, iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ის მფლობელები ჩართული Always-On დისპლეის პირობებში გარეკნის ფოტოსა და შეტყობინებების დამალვას შეძლებენ. ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ახალი Sleep ვიჯეტი, რომელიც ჩვენი ძილის შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას და Medications ვიჯეტი, რომელიც გამოგვიგზავნის შეტყობინებას, როცა წამლის დალევის დრო მოვა.
გარდა ამისა, განახლდა თამაშების ცენტრიც (Game Center), SharePlay ფუნქციით მობაილ გეიმინგის მოყვარულები, თამაშის პარალელურად, კომპანიონებთან FaceTime-ით ისაუბრებენ. ასევე, Activity ვიჯეტი ამიერიდან იმასაც გიჩვენებთ, თუ რა თამაშებს თამაშობენ თქვენი მეგობრები კონკრეტულ მომენტში.
განახლება შეეხებოდა უსაფრთხოების პარამეტრებსაც. Apple-ის განცხადებით, გამჭოლი დაშიფვრით დაცული მონაცემთა კატეგორიების რაოდენობის ზრდის დამსახურებით, iCloud-ის უსაფრთხოებაც გაიზარდა.
კომენტარები