Apple Music-ს კარაოკე ემატება — რა უნდა ვიცოდეთ
სხვა ფუნქციებთან ერთად, აპლიკაცია სასურველი სიმღერის ასარჩევად 50-ზე მეტ ფლეილისთს გთავაზობთ
Apple-მა გუშინ, 6 დეკემბერს, Apple Music Sing წარადგინა, კარაოკე ფუნქცია, რომელიც Apple Music აპლიკაციაში იქნება ჩაშენებული. Apple Music Sing-ში მომხმარებელს, ბუნებრივია, შეეძლება მუსიკის ტექსტის ნახვა და, რაც ყველაზე მთავარია, ვოკალის ხმის შერჩევა, რათა საკუთარი ხმა უკეთ გაიგოს (ან, აუწიოს ბოლომდე საკუთარი ხარვეზების გადასაფარად).
გარდა ამისა, აპლიკაციას ექნება ფუნქციები, რომელიც სხვებთან ერთად სიმღერას გაგიმარტივებთ. ბექ ვოკალი ხელმისაწვდომი იქნება მთავარი ვოკალისგან დამოუკიდებლად და, ასევე, თუ მეგობართან ერთად სიმღერა გსურთ, დუეტის შესაბამის გამოსახულებასაც მიიღებთ.
აპლიკაცია მოიცავს 50-ზე მეტ ფლეილისთს, რომელშიც კარაოკე ფორმატში გამზადებული სიმღერები დაგხვდებათ.
"Apple Music-ის სიმღერების ტექსტის ხილვის შესაძლებლობა ჩვენს მომხმარებელში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს მათი საყვარელი სიმღერებისათვის აყოლა სიამოვნებთ, შესაბამისად, გვსურდა, ეს გამოცდილება უფრო გაგვეფართოებინა და საშუალება მიგვეცა, მუსიკაში უფრო ჩართულები ყოფილიყვნენ. ეს ნამდვილად ძალიან სახალისოა და მომხმარებელსაც ძალიან მოეწონება". — განაცხადა Apple Music-ისა და Beats-ის ვიცე პრეზიდენტმა ოლივერ შუსერმა
Apple Music Sing დეკემბრის ბოლოს გამოვა და iPhone-სა და iPad-ზე იქნება ხელმისაწვდომი.
კომენტარები