ადამიან კურიერებს ჩანაცვლება ელით? — Uber-მა კურიერი რობოტები გამოუშვა
თავისი თვითმართვადი მანქანების ბიზნესის გაყიდვიდან ორი წლის შემდეგ, Uber-მა 6-ბორბლიანი კურიერი რობოტები გამოუშვა.
Cartken რობოტები უკვე სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის, უნივერსიტეტების კამპუსებშია განლაგებული. ერთი მხრივ, ამ რობოტებს საკურიერო მომსახურების ძირეულად შეცვლა შეუძლია, თუმცა, მეორე მხრივ, არც ის არის გამორიცხული, რომ მათმა პროგრამამ ლოჯისტიკური გამოწვევები ვერ დაძლიოს.
"აღტაცებულები ვართ იმით, თუ როგორ შეიტანს იუბერთან თანამშრომლობა რობოტიკის უპირატესობებს საკვების მიწოდების სფეროში და, საბოლოოდ, შექმნის უფრო დაკავშირებულ საზოგადოებებს", — აღნიშნა Cartken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტიან ბერშმა. "ერთად, ჩვენ შევძლებთ, შევამციროთ სატრანსპორტო საცობები, დავეხმაროთ ადგილობრივ სავაჭრო ობიექტებს მიწოდების შესაძლებლობების გაზრდაში და შევთავაზოთ მომხმარებლებს სწრაფი, მოსახერხებელი და გამონაბოლქვისგან თავისუფალი საკურიერო მომსახურება."
აღსანიშნავია, რომ იუბერი პირველი კომპანია არ არის, რომელიც ასეთ ტექნოლოგიას იყენებს. კომპანიებმა, როგორებიცაა: Amazon და Walmart — უკვე გამოუშვა რობოტების საკუთარი "ფლოტი". თუმცა, ამაზონმა შეწყვიტა საკურიერო რობოტების ტესტირება ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც გაყიდვები შენელდა.
Cartken-ის ექვსბორბლიანი და ხელოვნური ინტელექტის მქონე საკურიერო რობოტები ძალიან ჰგავს კონკურენტი ფირმების მიერ შემუშავებულ მოწყობილობებს. მათ შეუძლია, თითქმის 10 კილოგრამამდე ტვირთის ტარება და აღჭურვილია კამერების კომპლექტით.
ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მსხვილ კორპორაციებში ეძებენ ახალ გზებს ადამიანებზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ეს გასაკვირი არცაა, რადგან იუბერი წარსულში არაერთ სასამართლო გამოწვევას გადააწყდა ადამიანი მძღოლების გამო, ამიტომ, ეჭვი არავის ეპარება, რომ კომპანიის აღმასრულებლები, ტექნოლოგიის დახვეწის შემდეგ, ადამიანურ სამუშაო ძალას რობოტებით ჩაანაცვლებენ.
კომენტარები