შექმნეს ნატრიუმ-გოგირდის ბატარეა, რომელიც ლითიუმ-იონურ ელემენტზე 4-ჯერ ტევადია
მისი წარმოება გაცილებით იაფიცაა.
იმისათვის, რომ 2050 წლისთვის მსოფლიომ ნულოვან ემისიებს მიაღწიოს, მეცნიერები ბატარეების გაუმჯობესებას დაუღალავად ცდილობენ. ამისათვის ფასების შემცირება, ტევადობის გაზრდა და ისედაც მწირ ბუნებრივ რესურსთა გამოყენების რეგულირება გვჭირდება.
სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ნატრიუმ-გოგირდის ბატარეა შექმნეს, რომელსაც ლითიუმ-იონურ ელემენტებზე მნიშვნელოვნად დიდი ტევადობა აქვს. ამასთანავე, მისი წარმოება გაცილებით იაფია. ნაშრომი გამოცემაში Advanced Materials გამოქვეყნდა.
მეცნიერთა გუნდს უნივერსიტეტის ქიმიური და ბიომოლეკულური ინჟინერიის სკოლიდან დოქტორი შენლუნგ ჭაო უძღვებოდა.
"ჩვენ მიერ შექმნილ ნატრიუმის ბატარეას შეუძლია, ხარჯები საგრძნობლად შეამციროს და ენერგიის ოთხჯერ დიდი ტევადობა უზრუნველყოს. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა განახლებადი ენერგიის შექმნის კუთხით. იგი ხანგრძლივ პერსპექტივაში ხარჯებს შეამცირებს, თუმცა აქამდე გარკვეული ფინანსური ბარიერების გადალახვაა საჭირო", — აცხადებს დოქტორი ჭაო.
ნატრიუმ-გოგირდის (Na-S) ელემენტების იდეა უკვე 50 წელზე მეტია არსებობს, თუმცა ენერგიის მცირე ტევადობისა და ხანმოკლე ვარგისიანობის გამო ნაკლებად პრაქტიკული იყო. ამის საპასუხოდ, მეცნიერებმა "პიროლიზის პროცესი და ნახშირბადზე დაფუძნებული ელექტროდები გამოიყენეს, რათა გოგირდის რეაქციის უნარიანობა და ნატრიუმსა და გოგირდს შორის რეაქციათა შექცევადობა გაეუმჯობესებინათ". ამან ოთახის ტემპერატურაზე ელემენტის ტევადობა და მუშაობის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ, ლითიუმ-იონურ ბატარეებთან შედარებით, Na-S ელემენტების წარმოება მეტად ეკონომიურია, გადამუშავება კი — გაცილებით მარტივი. ლითიუმ-იონურ ბატარეებს ელექტრონულ მოწყობილობებში, ასევე ენერგიის შენახვის მიზნით, დღესდღეობით ძალიან აქტიურად იყენებენ.
ბატარეის შექმნის პროცესში მეცნიერებმა მისი გამოყენების არაერთი სცენარი გაითვალისწინეს. როგორც ისინი წერენ, ამგვარ ტექნოლოგიას შეუძლია, "ენერგიის უკეთესი დაცულობა უფრო ფართოდ უზრუნველყოს და მეტ სახელმწიფოს მისცეს საშუალება, დეკარბონიზაციის მიზნისაკენ სწრაფვას შეუერთდნენ".
მკვლევრებმა მეთოდი ლაბორატორიული მასშტაბის ბატარეებზე გამოცადეს. სამომავლოდ მათ ტექნოლოგიის ფართო მასშტაბით კომერციალიზაცია აქვთ განზრახული.
კომენტარები