ინსტაგრამს სიახლეების გაზიარების ახალი ფუნქცია დაემატა — რა უნდა ვიცოდეთ
Instagram-მა თავის მომხმარებლებს მნიშვნელოვანი სიახლეები წარუდგინა. კომპანიის განცხადებით, ახალი ფუნქციები საშუალებას გვაძლევს, ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს უფრო მარტივად დავუკავშირდეთ.
მთავარი სიახლე ე.წ "ჩანაწერები/სტატუსებია" (Notes), რომლის საშუალებითაც მომხმარებელი გამომწერთათვის აზრების გაზიარებას ტექსტებითა და ემოჯებით შეძლებს. გარდა ამისა, იტესტება რამდენიმე სხვა სიახლეც, მაგალითად Candid Stories, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება, აღვბეჭდოთ ის, რაც კონკრეტულ მომენტში ჩვენ ირგვლივ ხდება. ასევე, Instagram ჯგუფის პროფილის (Group Profile) ფუნქციაზეც მუშაობს.
გაუზიარეთ ერთმანეთს ფიქრები
ამ ამბიციური სურვილის დასაკმაყოფილებლად Instagram-ს ამიერიდან Notes ფუნქცია ექნება. ეს 60 სიმბოლოსგან შემდგარი პოსტია, რომელშიც მხოლოდ ტექსტსა და ემოჯებს გამოვიყენებთ. Note-ის გამოსაქვეყნებლად თქვენი ინბოქსის ზედა ნაწილში აირჩიეთ გამომწერები, რომლებიც თქვენც გყავთ გამოწერილი, ან ადამიანები ახლო მეგობრების სიიდან და თქვენი Note მათი ინბოქსის ზედა ნაწილში 24 საათის განმავლობაში გამოჩნდება. ამ "შენიშვნებზე" პასუხი (თუკი გიპასუხებთ ვინმე) პირად შეტყობინებად დაგიფიქსირდებათ.
Meta-ს განცხადებით, სიახლის გამოცდისას შეამჩნიეს, რომ ადამიანებს მოსწონთ მსუბუქი, მარტივი მეთოდები აზრების გასაზიარებლად და საუბრის წამოსაწყებად. დაწყებული რეკომენდაციების თხოვნით, დამთავრებული აზრების გაზიარებით, Note საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გამოხატოს აზრები და სხვა ადამიანებს დაუკავშირდეს.
Candid Stories
Candid ჯერჯერობით სატესტო ფუნქციაა. Instagram-ის ცნობით, ის მოგვცემს საშუალებას გადავიღოთ და გავაზიაროთ, რასაც კონკრეტულ მომენტში ვაკეთებთ, თუმცა ჩვენს Candid-ს ნახავენ მხოლოდ ის გამომწერები, რომლებიც მას თავადაც იყენებენ. ეს დაახლოებით BeReal-ის იდენტური იქნება.
ასევე იხილეთ: რა არის BeReal — ახალი სოციალური ქსელი, რომელიც დამუშავებულ ფოტოებს კრძალავს
პირველი Candid-ის გამოქვეყენბის შემდეგ, აპლიკაცია თავს ყოველდღე შეგახსენებთ. თუ არ გსურთ, ეს მოხდეს და მისი გაზიარება თქვენთვის სასურველ დროს გსურთ, პარამეტრებიდან შეხსენების ფუნქციის გათიშვასაც შეძლებთ. ანალოგიური ფუნქცია სამომავლოდ Facebook-ზეც გახდება ხელმისაწვდომი.
ჯგუფის პროფილი
ადამიანები ხშირად ქმნიან ჯგუფურ ჩატებს, რათა გასართობი კონტენტი გაუზიარონ ერთმანეთს, ან რამე დაგეგმონ. Instagram-ის სიახლე ამ კუთხით მომხმარებლის გამოცდილებას გაამრავალფეროვნებს და მეგობრებთან კოლაბორაციის მეტ საშუალებას მოგვცემს.
მალე შესაძლებელი იქნება, რომ მომხმარებელმა ე.წ ჯგუფის პროფილი (Group Profiles) შექმნას ან შეუერთდეს მას. როცა კონტენტს Group Profile-ზე გააზიარებთ, მას მხოლოდ ის ადამიანები ნახავენ, რომლებიც ამ ჯგუფის წევრები არიან და არა ყველა გამომწერი.
კომენტარები