რაში იყენებდნენ კუდს ჯავშნოსანი დინოზავრები? — ახალი ჰიპოთეზა
როგორც ჩანს, ანკილოზავრები კომპლექსური ქცევებით გამოირჩეოდნენ
ბრიტანეთის კოლუმბიის სამეფო უნივერსიტეტის, ონტარიოს სამეფო უნივერსიტეტისა და ჩრდილოეთ კაროლინას საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ იყენებდნენ ჯავშნოსანი დინოზავრები თავიანთ მასიურ, კომბლის მსგავს კუდებს.
მკვლევრები ანკილოზავრი Zuul-ის ნამარხში შუბის წვერის მსგავს ნიმუშებს წააწყდნენ, რომელიც, როგორც ჩანს დინოზავრს მაშინ მოსწყდა, როცა ის ჯერ ისევ ცოცხალი იყო. მეცნიერების აზრით, შესაძლოა ეს ეკლების მსგავსი წვეტები სხვა Zuul-ს ეკუთვნოდეს.
კვლევის მიხედვით, ანკილოზავრები კომპლექსური ქცევებით გამოირჩეოდნენ, მათ შორის იბრძოდნენ ერთმანეთში ტერიტორიისა და სოციალური დომინაციისთვის.
ანკილოზავრი Zuul
Zuul ჰერბივორი ანკილოზავრია, რომლის ნაშთებიც მონტანაში, მდინარე ჯუდითის ხეობაში მიაგნეს. Zuul crurivastator ცნობილია თავისი ერთიანი თავის ქალითა და კუდზე არსებული კომბლის მსგავსი წანაზარდით. პრეს რელიზის მიხედვით, მეცნიერებმა ბალახისმჭამელი დინოზავრის 76 მილიონი წლის წინანდელ თავის ქალასა და კუდს მიაგნეს.
უდიდესი შრომის შედეგად, მკვლევრებმა შეძლეს ამოეთხარათ ნიადაგიდან Zuul-ის ზურგისა და გვერდების ძვლოვანი ჯავშანიც.
თეძოებსა და სხეულის ორივე მხარეს ჯავშნის ეკლებს წვეტები ჰქონდა მომტვრეული, ხოლო ძვლები უცნაურად იყო შეხორცებული, რამაც მეცნიერები ძალიან დააინტერესა. სხეულის დაზიანებების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, ანკილოზავრი რიტუალურ ბრძოლაში უფრო იყო ჩართული, ვიდრე ტირანოზავრის მსგავს მოახლოებულ მტაცებელს იგერიებდა.
ასევე იხილეთ: რატომ ჰქონდა ტირანოზავრს ციცქნა წინა კიდურები? — რას ამბობს მეცნიერება
"მე დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი დაინტერესებული იმით, თუ რაში იყენებდნენ ანკილოზავრები კუდებს, ეს აღმოჩენა კი ფაზლის ახალი, გასაოცარი დეტალია. ჩვენ ვიცოდით, რომ მათ კუდის გამოყენება ძალიან ძლიერი დარტყმის მისაყენებლად შეეძლოთ, თუმცა, ვფიქრობდით, რომ ეს ძირითადად მტაცებლის მოგერიებისას ხდებოდა. საპირისპიროდ, როგორც ჩანს, Zuul-ები შესაძლოა ერთმანეთსაც ებრძოდნენ", — განაცხადა კვლევრის ავტორმა, ბრიტანეთის კოლუმბიის მუზეუმის პალეონტოლოგიის კურატორმა, ვიქტორია არბორმა.
პალეონტოლოგთა თქმით, ეს აღმოჩენა დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ როგორ ურთიერთქმედებდა გარემოსთან ბალახისმჭამელი ჯავშნოსანი დინოზავრი და როგორი სოციალური ქცევა ახასიათებდა მას საკუთარ პოპულაციაში.
კვლევა ჟურნალ Biology Letters-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები