მასკს პრობლემები აქვს — Neuralink-ის კვლევებს 1500-ზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა
გავრცელებული ინფორმაციით, მაიმუნების 21% მოწყობილობასთან შეუგუებლობას შეეწირა
როგორც ჩანს, ილონ მასკის დაარსებულ, ტვინის ჩიპების სტარტაპ Neuralink-ს პრობლემები აქვს. თანამშრომლები ხშირად უსვამდნენ ხაზს კომპანიაში არსებულ ქაოსს, რომელსაც მილიარდერის დიქტატორული ხასიათი და ამბიციური სიახლეების დაჩქარება იწვევს. საკითხის ექსპერტების აზრით, მასკი გვერდს უვლის ტვინის კომერციული იმპლანტების გამოწვევებს და არ აინტერესებს ეთიკური კითხვები, რომელიც ამ ტექნოლოგიის ირგვლივ ჩნდება.
კიდევ ერთი პრობლემის შესახებ თავიდანვე იყო ცნობილი — არაერთი ადამიანი აჟღერებდა ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ საცდელ ცხოველებს კომპანია ძალიან ცუდად ექცეოდა. Reuters-ის ცნობით, ამ ეჭვების საპასუხოდ, ფედერალური პროკურორის მოთხოვნით აშშ-ის სოფლის მეუნეობის სამინისტროს გენერალურმა ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო.
Reuters-მა კომპანიაში წარსულში და ამჟამად დასაქმებული არაერთი ადამიანი გამოკითხა, ცნობები კი შემზარავია. 2018 წლიდან Neuralink-ის კვლევებს დაახლოებით 1500 ცხოველი შეეწირა, მათ შორის 280 ღორი, ცხვარი და მაიმუნი. არ არის ცნობილი, რამდენი მათგანი შეეწირა უშუალოდ ტვინის იმპლანტის გამოცდას, რომელიც, მასკის თქმით, შემდეგ ექვს თვეში ადამიანებზეც გამოიცდება, თუმცა ადრე გავრცელებული ცნობებით, მაიმუნების 21% მოწყობილობასთან შეუგუებლობას შეეწირა.
ასევე იხილეთ: მასკის თქმით, Neuralink ადამიანებზე 6 თვეში გამოიცდება — ნახეთ ვიდეო, როგორი იქნება ის
წყაროები მედიასაშუალებასთან ჰყვებიან, რომ არაერთი შეცდომის არიდება შესაძლებელი იყო. მაგალითად, ორ ღორს მოწყობილობა არასწორ მალასთან დაუკავშირეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანის მოკვლა გახდა აუცილებელი.
რაც უფრო სავალალოა, დასაქმებულების თქმით, შეცდომებს ხშირად მასკის დამოკიდებულება იწვევს, რომელიც თანამშრომლებს დაუფიქრებლად აჩქარებს და აიძულებს, უსაფრთხოებაზე თვალი დახუჭონ. ცნობების მიხედვით, არაერთმა დასაქმებულმა უკმაყოფილება გამოთქვა და სამსახური დატოვა იმის გამო, რომ საცდელ ცხოველებს ძალიან ცუდად ექცეოდნენ.
სავარაუდოდ, ეს ბრალდებები უკვალოდ არ ჩაივლის. PETA (People for the Ethical Treatment of Animals) კომპანიის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს, რათა მოიპოვოს იმ მაიმუნების ფოტოები, რომლებზეც Neuralink-მა მოწყობილობა დევისში, კალიფორნიის უნივერსიტეტში გამოცადა. არ არის გამორიცხული, მიმდინარე გამოძიებამ და სარჩელმა მასკის გეგმები შეცვალოს და მოწყობილობის ადამიანებზე გამოცდა გადადოს. თავად მილიარდერს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
კომენტარები