ნახეთ: ფერმაში ცხვრის ფარა 12 დღის განმავლობაში წრეზე დადიოდა — პოტენციური ახსნა
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ გადაადგილდება ცხვრის ფარა წრეზე. ერთი შეხედვით, შესაძლოა, ამაში უჩვეულო არაფერი იყოს, თუმცა ცხოველთა ამგვარი ქცევა 12 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ უცნაურია.
პირველად ამ ამბის შესახებ ჩინური მედიასაშუალება People's Daily-ის კუთვნილ Twitter გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან შევიტყვეთ. კადრები შიდა მონღოლეთში მდებარე ერთ-ერთ ფერმაშია გადაღებული და მათზე ათობით ცხვარია აღბეჭდილი, რომლებიც თითქმის იდეალურ წრეზე მჭიდროდ მოძრაობენ.
"ცხვრები ჯანმრთელები არიან და მათი უცნაური ქცევის მიზეზი ჯერ კიდევ იდუმალებითაა მოცული", — ვკითხულობთ პოსტში.
ინტერნეტსივრცეში ზემოხსენებული ამბის განხილვისას რამდენიმე ჰიპოთეზა გამოიკვეთა. ზოგმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს შესაძლოა, ჭიანჭველების "სიკვდილის სპირალის" მსგავსი ფენომენი იყოს, როცა ისინი ერთმანეთს გაუაზრებლად მიჰყვებიან და ხშირად დაღლილობისგან იხოცებიან.
ასევე, ის დააკავშირეს დაავადებასთან, რომლის დროსაც ბაქტერია ტვინის ერთ ნახევარსფეროს აინფიცირებს და სხეულის ცალ მხარეს გადახრას განაპირობებს. თუმცა, ეს ინფექცია ცხოველთა მცირე პროცენტზე ახდენს გავლენას და ისინი რამდენიმე დღეში იხოცებიან.
სასოფლო-სამეურნეო მეცნიერების სპეციალისტის, მეტ ბელის აზრით, ცხვრის ასეთი ქცევის პოტენციური მიზეზი ისაა, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში სადგომებში არიან დამწყვდეულნი, რაც მათზე უარყოფითად მოქმედებს. ეს იმაში ვლინდება, რომ ფარა წრეზე იწყებს გადაადგილებას. მსგავსი რამ ველურ ცხოველებშიც ხშირად გვხვდება. აღნიშნულ ფენომენს ზოოქოზისი ეწოდება, რომლისთვის დამახასიათებელ განმეორებად ქცევასაც ზოგჯერ სხვა ინდივიდებიც იმეორებენ, ანუ მოძრაობა "გადამდები" ხდება.
ცხვრების პატრონმა დაადასტურა, რომ 12 დღის განმავლობაში წრეზე სიარულს უფრო და უფრო მეტი ცხვარი იწყებდა, რაც მეცნიერის ვარაუდს უჭერს მხარს. ისიც უნდა ითქვას, რომ ფერმაში უჩვეულო ქცევა ცხვრების მხოლოდ ამ ერთ ნაწილში გამოიხატა.
ასეა თუ ისე, ჯერჯერობით ამაზე უკეთესი ახსნა არ არსებობს.
კომენტარები