ინდოეთში 8 წლის ბავშვის ნაკბენმა კობრა იმსხვერპლა
ის, რომ შხამიანი გველის ნაკბენი ძალიან საშიშია, ყველამ ვიცით. აღნიშნული მიზეზით მსოფლიოში უამრავი ადამიანია დაღუპული, მაგრამ რა მოხდება, თუ ამ ქვეწარმავალს სამაგიეროს გადაუხდი და კბენითვე უპასუხებ?
სწორედ ასეთი უჩვეულო ამბავი გადახდა თავს ინდოეთის შტატ ჩატისგარჰში მდებარე ჯაშპურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ 8 წლის ბავშვს, რომელმაც კობრას უკბინა და მოკლა. მანამდე ქვეწარმავალი ბიჭს, სახელად დიპაკს, ხელზე შემოეხვია და ისე უკბინა, რომ მის ორგანიზმში შხამი არ შეუშვია.
ბავშვის განცხადებით, ეს საკმაოდ მტკივნეული იყო.
"რადგან გველი არ გაინძრა, როცა მისი მოშორება ვცადე, მას ორჯერ უფრო ძლიერად ვუკბინე. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა", — ამბობს დიპაკი.
ოჯახმა ბავშვი დაუყოვნებლივ ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შხამის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაუტარდა. თუმცა, მოგვიანებით ექიმებმა განაცხადეს, რომ, დიდი ალბათობით, გველს შხამი სულაც არ გამოუყენებია.
მსოფლიოში ყოველწლიურად გველის ნაკბენის 5.4 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება, აქედან დაახლოებით 2.7 მილიონი ადამიანის სხეულში შხამი ხვდება, რის გამოც 138 000-მდე მათგანი იღუპება. ამის მიუხედავად, ზოგჯერ ეს ქვეწარმავლები მათზე დიდი ზომის ცხოველების შესაშინებლად მხოლოდ "მშრალი კბენით" შემოიფარგლებიან და ძვირფას შხამს სხვა სიტუაციაში გამოსაყენებლად ინახავენ.
ინდოეთში შხამიანი გველის 100-მდე სახეობაა გავრცელებული. მათი ნაკბენისგან იქ ყოველწლიურად ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება, დაახლოებით 46 000, რაც ნიშნავს, რომ 8 წლის დიპაკს გაუმართლა, თუმცა კობრაზე იმავეს ვერ ვიტყვით.
კომენტარები