კატებთან კომუნიკაცია თვალების ნელი დახამხამებით შეგიძლიათ — კვლევა
კატებთან კომუნიკაცია რთული სულაც არაა და ერთადერთი, რაც გჭირდებათ, მათთვის უფრო ხშირად გაღიმებაა. თუმცა არა ადამიანური გზით, არამედ ისე, როგორც ამას კატები აკეთებენ...
კატებს, ადამიანებთან კომუნიკაციის კუთხით, არც თუ შესაშური რეპუტაცია აქვთ. როგორც წესი, ძაღლები უფრო კომუნიკაბელურ და მოსიყვარულე ცხოველებად მიიჩნევიან ხოლმე. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, პრობლემას კატები კი არა, მათი პატრონები წარმოადგენენ, რომლებსაც ამ შინაური ცხოველების ენა არ ესმით.
კვლევის თანახმად, კატებთან კომუნიკაცია რთული სულაც არაა და ერთადერთი, რაც გჭირდებათ, მათთვის უფრო ხშირად გაღიმებაა. თუმცა არა ადამიანური გზით, არამედ ისე, როგორც ამას კატები აკეთებენ: თვალების დახუჭვითა და ნელი დახამხამებით.
ასევე იხილეთ: გგონიათ, რომ თქვენი კატა გაიგნორებთ? — არ ცდებით
მკვლევრები დააკვირდნენ კატებისა და ადამიანების ურთიერთობას და აღმოაჩინეს, რომ თვალების ნელი დახამხამების შემდეგ, კატები — ნაცნობიც და უცნობი ცხოველებიც — ადამიანების მიმართ უფრო რეცეპტულები ხდებოდნენ. სასექსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი კარენ მაკკომბის მიხედვით, ეს ქცევა უკვე კატების ბევრ პატრონს შეუნიშნავს, კვლევამ კი იგი დაადასტურა.
რადგანაც კატები მეგობრულობასა და რეცეპტულობას თვალების ნელი ხამხამით ამჟღავნებენ, ადამიანებს შეუძლიათ, მათ ქცევას მიბაძონ და მიანიშნონ ცხოველებს, რომ მათთან მეგობრული ურთიერთობა სურთ. იმის გასარკვევად, განსხვავებულად იქცეოდნენ თუ არა კატები ასეთ ადამიანებთან, ფსიქოლოგთა ჯგუფმა ორი ექსპერიმენტი შეიმუშავა.
პირველ ექსპერიმენტში ჩართეს 21 კატა 14 სხვადასხვა ოჯახიდან. მას შემდეგ, რაც კატები თავს კომფორტულად იგრძნობდნენ გარემოში, პატრონები უნდა დამსხდარიყვნენ მათგან ერთი მეტრის მოშორებით და ნელა დაეხამხამებინათ თვალები, როცა კატები აკვირდებოდნენ. კამერებმა დააფიქსირა როგორც პატრონების, ასევე კატების სახე და შედეგები შეადარეს იმას, თუ როგორ ახამხამებენ კატები თვალებს ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე. შედეგებმა აჩვენა, რომ კატები უფრო ნელა ახამხამებდნენ თვალებს, როცა მათი პატრონი იმავეს აკეთებდა.
მეორე ექსპერიმენტი მოიცავდა 24 კატას 8 სხვადასხვა ოჯახიდან. ამჯერად პატრონები კი არ ახამხამებდნენ თვალებს ნელა კატებთან, არამედ მკვლევრები, რომლებსაც ამ კატებთან მანამდე ინტერაქცია არ ჰქონიათ. საკონტროლო ჯგუფის შემთხვევაში კი კატებს აკვირდებოდნენ იმ ადამიანებთან ურთიერთობისას, რომლებიც თვალებს ნელა არ ახამხამებდნენ. როგორც აღმოჩნდა, კატებმა მეგობრულად უპასუხეს ადამიანებს, რომლებიც თვალებს ნელა ახამხამებდნენ და მიუახლოვდნენ კიდეც მათ.
ჯერჯერობით, ზუსტად არ ვიცით, კატები ადამიანების მიმართ ამ გზით რატომ გამოხატავენ მეგობრულობას, თუმცა ეს, შესაძლოა, იყოს კარგი განზრახვების ჩვენების საშუალება, რადგან ითვლება, რომ კატები მუქარას უწყვეტი მზერით წარმოაჩენენ. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ კატებმა გამოხატვის ეს ფორმა აითვისეს, რადგან ადამიანები მასზე დადებითად რეაგირებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი კატებთან კომუნიკაციის პრობლემა გაწუხებთ, უკვე იცით, როგორც უნდა გადაჭრათ ის.
კომენტარები