მეცნიერები ახალ კვლევით ცენტრში უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შემთხვევაში რეაგირების გზებზე მუშაობენ
"მოუმზადებლები არ უნდა ვიყოთ მეცნიერულად, სოციალურად და პოლიტიკურად უმართავი მოვლენისთვის, რომელიც ხვალ შეიძლება რეალობად იქცეს."
შოტლანდიის სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტმა გასულ კვირას განაცხადა ახალი კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც აერთიანებს ყველაზე ბრწყინვალე ტვინებს, რათა მოამზადოს კაცობრიობა იმ დღისთვის, როდესაც შევძლებთ პირველი კონტაქტის დამყარებას ინტელექტუალურ არამიწიერ ცივილიზაციასთან.
SETI (არამიწიერი ინტელექტის ძიება) Post Detection-Hub გათვლილია ექსპერტების შეხვედრის პუნქტად, რათა შეიმუშაონ უცხოპლანეტელებზე რეაგირების ერთიანი გზა იმ შემთხვევისთვის, თუკი ისინი დაგვიკავშირდებიან, ან პირიქით.
"სამეცნიერო ფანტასტიკა გაჟღენთილია კვლევებით კაცობრიობაზე იმ გავლენის შესახებ, რომელიც მოჰყვება არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენას ან მასთან ინტერაქციას. მაგრამ ჩვენ უნდა გავცდეთ ფიქრს კაცობრიობაზე გავლენის შესახებ. ჩვენი საექსპერტო ცოდნის კოორდინაცია გვჭირდება არა მხოლოდ მტკიცებულებების შესაფასებლად, არამედ ადამიანთა სოციალური პასუხის გასათვალისწინებლად, რადგან ჩვენი ცოდნა პროგრესირებს და რაც ვიცით და რაც არ ვიცით, გადაიცემა", — თქვა ჯონ ელიოტმა, სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის ცენტრის კოორდინატორმა.
ამ წლის დასაწყისში NASA-ს მეცნიერებმა განაახლეს მესიჯი კოსმოსის ნებისმიერ პოტენციურად ინტელექტუალურ სიცოცხლესთან მისაწვდომად. მაგრამ რას ვიზამთ, თუკი ისინი რეალურად გვიპასუხებენ?
ახალი შოტლანდიური ცენტრის მიზანია, შეავსოს პოლიტიკის ხარვეზი საერთაშორისოდ შეთანხმებული პროცედურების შემუშავებით იმ შემთხვევისთვის, თუკი ოდესმე უცხოპლანეტურ ცივილიზაციასთან კონტაქტს დავამყარებთ.
ჯერჯერობით, ერთადერთი საყოველთაოდ შეთანხმებული წესები დადგენილია SETI საზოგადოების მიერ, როგორც ეს ასახულია SETI ინსტიტუტის "Declaration of Principles Concerning the Conduct of the Search for Extraterrestrial Intelligence"-ში. მაგრამ დეკლარაციაში აღნიშნული წესები ძალიან ბუნდოვანია, ამიტომ SETI Post-Detection Hub გეგმავს მათ შესწორებასა და გაფართოებას.
"ოდესმე მივიღებთ მესიჯს არამიწიერი ინტელექტისგან? არ ვიცით", — აღნიშნა ელიოტმა. "მაგრამ ის ვიცით, რომ მოუმზადებლები არ უნდა ვიყოთ მეცნიერულად, სოციალურად და პოლიტიკურად უმართავი მოვლენისთვის, რომელიც ხვალ შეიძლება რეალობად იქცეს და რომლის არასწორი მართვაც არ შეიძლება."
კომენტარები