NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე იხვის ფორმის ქვა დააფიქსირა
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მარსმავალმა Curiosity წითელი პლანეტის ახალი სურათები გადაიღო, რომლებზეც იხვის ფორმის ქვა ჩანს.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ შემთხვევითი მსგავსებაა, კერძოდ კი ადამიანის მიერ ნაცნობი ობიექტის მახასიათებლების გადატანა გეოლოგიურ წარმონაქმნზე, რომელსაც სინამდვილეში ამ ობიექტთან საერთო არაფერი აქვს. ასეთ ფენომენს პარეიდოლია ეწოდება და ის ჩვენს მეზობელ ციურ სხეულთან მიმართებაში საკმაოდ ხშირად იჩენს ხოლმე თავს.
NASA-ს აპარატმა ეს სურათები მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, შარპის მთაზე გადაიღო, რომელიც გეილის კრატერში მდებარეობს. ძველად ეს ტერიტორია წყლიანი იყო, თუმცა მისი გაქრობის შემდეგ იქ დანალექი დარჩა, რომელიც ფენებიან ქანებად იქცა. ამ უკანასკნელმა მილიონობით წლის განმავლობაში ეროზია განიცადა, რის შედეგადაც უჩვეულო ფორმის ქვები მივიღეთ.
სწორედ ასეთი წარმონაქმნია ზემოხსენებული "იხვიც", რომლის გამოსახულებაც მოყვარულმა მეცნიერმა, ანდრეა ლაქმა დაამუშავა და ფოტოები ტვიტერზე გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ Curiosity ამჟამად შარპის მთის ფერდობზე არსებულ არეალს, სახელად Gediz Vallis იკვლევს. მავალმა წითელ პლანეტაზე 3 647 მარსული დღე გაატარა და მარსის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას ისევ განაგრძობს.
კომენტარები