როდის მოხდა დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენება — ახალ კვლევას ამაზე პასუხი აქვს
Virginia Tech-ის გეობიოლოგებმა დაასკვნეს, რომ ედიაკარანის პერიოდის ბოლოს (დაახლოებით 550 მილიონი წლის წინ) არსებული სახეობების დიდი ნაწილის გადაშენება გამოწვეული იყო პლანეტაზე ჟანგბადის მნიშვნელოვანი შემცირებით.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გეომეცნიერებათა დეპარტამენტის პოსტდოქტორანტი მკვლევარი სკოტ ევანსი ამტკიცებს, რომ ამ პერიოდში მოხდა სახეობების ყველაზე ადრეული მასობრივი გადაშენება, რამაც პლანეტაზე სახეობების 80 პროცენტი გაანადგურა.
"ეს მოიცავდა მრავალი სხვადასხვა ტიპის ცხოველის განადგურებას. თუმცა, სიცოცხლის ის ფორმები, რომლებიც ჟანგბადის მნიშვნელოვან რაოდენობას მოიხმარდნენ განსაკუთრებით დაზარალდნენ", — თქვა ევანსმა.
"გარემოს ცვლილებებმა, როგორიცაა გლობალური დათბობა და ჟანგბადის ცვლილება, შეიძლება გამოიწვიოს ცხოველების მასიური გადაშენება და ეკოსისტემის მნიშვნელოვანი დარღვევა თუ რეორგანიზაცია. ეს არაერთხელ იქნა დემონსტრირებული დედამიწის ისტორიის შესწავლისას. ამგვარად, ეს კვლევა გვამცნობს ბიოსფეროზე მიმდინარე ეკოლოგიური ცვლილებების გრძელვადიან გავლენას", — თქვა შუჰაი ქსიაომ, კვლევის თანაავტორმა.
კონკრეტულად რამ გამოიწვია ჟანგბადის გლობალური ვარდნა?
ევანსის თქმით, მარტივი პასუხია: "ჩვენ ჯერ არ ვიცით". როგორც ის ვარაუდობს, გადაშენებული ცხოველები, როგორც ჩანს, რეაგირებენ გლობალური მასშტაბით ხელმისაწვდომი ჟანგბადის რაოდენობის შემცირებაზე, თუმცა ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ტექტონიკური ფირფიტების მოძრაობით, ვულკანური ამოფრქვევებითა და ასტეროიდების ზემოქმედებით.
"ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ, როგორც წარსულში ყველა სხვა მასობრივი გადაშენება, პირველი მასობრივი გადაშენება გამოწვეული იყო კლიმატის ცვლილებით. ეს კიდევ ერთი გამაფრთხილებელი ნიშანია, რომელიც აჩვენებს ჩვენი ამჟამინდელი კლიმატური კრიზისის საშიშროებას", — თქვა ევანსმა.
5 უდიდესი მასობრივი გადაშენება
მკვლევრების თანახმად, "დიდი ხუთეული" მოიცავს ხუთ ცნობილ მასობრივ გადაშენებას. ესენია: ორდოვიციან-სილურიული გადაშენება (440 მილიონი წლის წინ), გვიანდელი დევონის გადაშენება (370 მილიონი წლის წინ), პერმ-ტრიასული გადაშენება (250 მილიონი წლის წინ), ტრიასის იურული გადაშენება (200 მილიონი წლის წინ) და ცარცული პალეოგენის გადაშენება (65 მილიონი წლის წინ).
"მასობრივი გადაშენებები ხშირად სიცოცხლეს ტრაექტორიას უცვლის ხოლმე. ჩვენ ვნახეთ დამადასტურებელი ფაქტები 570 მილიონი წლის წინ ჟანგბადის შემცირების. ეს კი მნიშვნელოვანია რათა მეტი ვიცოდეთ მომავალ საფრთხეებზე", — წერენ კვლევაში ევანსი და მისი გუნდი.
კვლევა PNAS-ში 7 ნოემბერს გამოქვეყნდა.
კომენტარები