ზოგიერთი პლანეტა შესაძლოა, თავის ვარსკვლავს "აახალგაზრდავებდეს" — როგორ
მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, ზოგიერთ პლანეტას თავისი მშობელი ვარსკვლავის "გაახალგაზრდავების" უნარი შესწევს. კერძოდ, საუბარია სათანადო ზომის მქონე აირის გიგანტზე, რომელიც საკუთარი მნათობის გარშემო საკმარისად სწრაფად გადაადგილდება, რათა მისი "დაბერების" პროცესი შეანელოს.
სპეციალისტთა თქმით, ამგვარ ციურ სხეულს შეუძლია, რომ იმპულსის მომენტი ვარსკვლავის ბრუნვაში გადაიტანოს და მისი მაგნიტური ველის გავლენის შედეგად მიღებული ბრუნვის ეტაპობრივი შენელება გაანეიტრალოს. საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა მნათობებისთვის სწრაფი მოძრაობაა დამახასიათებელი, მაგრამ განვითარების მომდევნო ეტაპებზე ეს იცვლება.
ეგზოპლანეტებისა და ვარსკვლავების ასეთი ურთიერთქმედების გამოკვლევა საკმაოდ რთულია, თუმცა ბინარული სისტემების შემთხვევაში ანალიზი იოლდება, რადგან იქ ერთმანეთის მსგავს მნათობებს ვაკვირდებით და მათი შედარების საშუალება გვეძლევა. ავტორებმა სწორედ ამგვარი 34 სისტემა შეისწავლეს, რომელში შემავალი ერთი ობიექტის გარშემოც ეგზოპლანეტებს ვხვდებით, მეორე კი ციური სხეულების გარეშე არსებობს.
დადგინდა, რომ ვარსკვლავები, რომლებთან ახლოსაც ცხელი იუპიტერის ტიპის ციური სხეული გადაადგილდება, ბევრად სწრაფად ბრუნავს, მოშორებით მოძრავი აირის გიგანტების შემთხვევაში კი იგივე ეფექტი არ გამოვლენილა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მზე ასე ვერ "გაახალგაზრდავდება".
ბრუნვის აჩქარების დეტალური მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამაში მხოლოდ გრავიტაციული ურთიერთქმედება არ უნდა მონაწილეობდეს, არამედ საკუთარი წვლილი მაგნიტურ ძალებსაც შეჰქონდეს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები