გასვენება ველოსიპედით — საფრანგეთში დაკრძალვის ეკომეგობრული სერვისი ამოქმედდება
ფრანგი ქალი, იზაბელ პლუმერო საზოგადოებას დაკრძალვის ეკომეგობრულ სერვისს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც დაღუპულ ადამიანს სასაფლაომდე, არც მეტი, არც ნაკლები, ველოსიპედზე მიბმული კატაფალკით გაასვენებენ. ამ უჩვეულო "ტრანსპორტს" Corbicyclette ჰქვია და ის გარემოსთვის არასაზიანოა.
"ესაა ნელი, ჩუმი პროცესია, რომელიც ადამიანთა ფეხის ნაბიჯების რიტმს ეწყობა... ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს მგლოვიარე ოჯახების თანხლება და მათთვის ამ ცერემონიის მნიშვნელოვნად ქცევა, ასევე, მისი გალამაზება, რადგან სილამაზე კომფორტის მომტანია", — ამბობს პლუმერო.
მის კომპანიას The Sky and the Earth ჰქვია და ის პარიზშია დაფუძნებული. ქალის მიზანი დაკრძალვის ტრადიციაში გარემოზე ზრუნვის პრაქტიკის დანერგვაა. Corbicyclette კუბოს გადასატანადაა შექმნილი, თუმცა ის ჩვეულებრივი კატაფალკისგან განსხვავდება, რადგან ველოსიპედით იმართება.
იზაბელ პლუმერომ იდეა ფრანგული სტანდარტების გათვალისწინებით განახორციელა. მას შემდეგ, რაც Corbicyclette შექმნა, სპეციალური მარეგულირებელი ორგანოსგან გამოყენების ნებართვაც მიიღო. ბოლო ნაბიჯი კი სადაზღვევო კომპანიის თანხმობა იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დანიაშიც არსებობს, თუმცა ფრანგული ვარიანტი 2 მეტრი სიგრძისაა და ელექტრო სისტემითაა აღჭურვილი, რათა უსწორმასწორო ზედაპირზე გადაადგილება გამარტივდეს.
უნდა ითქვას, რომ აშშ-ში ადამიანის სხეულის ორგანული დაშლის პრაქტიკასაც ვხვდებით, რაც ნიშნავს, რომ მკვდარი პირდაპირი გაგებით მიწად იქცევა. ამისთვის სპეციალური ხსნარები გამოიყენება. ეს კრემაციაზე ბევრად იაფი და ეკომეგობრული პროცესია, რომელიც ნელ-ნელა დასავლეთშიც პოპულარული ხდება.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის ტრადიციულად დაკრძალვისას მიწაში ბალზამირების დროს გამოყენებული ნივთიერებები შეიწოვება, კრემაციისას კი ჰაერში მავნე აირები გამოიყოფა. ამას ემატება კუბოების დასამზადებლად საჭირო მასალების მოპოვებისას ბუნებისთვის მიყენებული ზიანი და გასვენებაში მონაწილეთა ავტომობილების გამონაბოლქვი.
კომენტარები