რატომ კარგავს უკრაინა Starlink-ის ტერმინალებზე წვდომას
გასულ თვეში მომხდარი გათიშვა რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა
CNN-ის ცნობით, 24 ოქტომბერს უკრაინის არმიამ ინტერნეტზე წვდომა ნაწილობრივ დაკარგა მას შემდეგ, რაც Starlink-ის 1300 ტერმინალი გაითიშა დავალიანების გამო. სერვისით სარგებლობის შეზღუდვის პარალელურად, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსა და SpaceX-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ მასკმა მზადყოფნა გამოთქვა, გააგრძელოს უკრაინის მიერ Starlink-ის გამოყენების დაფინანსება.
მედია გამოცემისათვის პენტაგონის თანამშრომლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და პენტაგონში ყველა დარწმუნებულია, რომ შეთანხმება მიიღწევა, თუმცა თანხმობის იურიდიული, ხელშესახები ფორმის მიღებაა აუცილებელი, რათა დაცულები ვიყოთ მილიარდერის მერყევი ხასიათის ცვლილებებისგან.
ასევე იხილეთ: ილონ მასკმა გადაიფიქრა და უკრაინაში Starlink-ის დაფინანსებას გააგრძელებს
სექტემბერში SpaceX-მა პენტაგონს წერილი მისწერა და სთხოვა თავდაცვის დეპარტამენტს, რომ უკრაინის მიერ ტერმინალების გამოყენების დაფინანსება გადაებარებინა. საზოგადოების უკმაყოფილების კვალდაკვალ, მასკმა Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომ ფინანსური ზარალის მიუხედავად, გააგრძელებს უკრაინის დაფინანსებას, მოგვიანებით კი იგივე Financial Times-ს განუცხადა.
CNN-ის შეფასებით, გასულ თვეში მომხდარი გათიშვა რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ქვეყანამ 1300 ტერმინალი მარტში შეიძინა, თითოეული მათგანის გამოსაყენებლად თვეში $2500-ის გადახდა უწევდა, თუმცა ამჟამად ომში მყოფ ქვეყანას ყოველთვიურად 3.25 მილიონი დოლარის გადახდის საშუალება აღარ აქვს, ამიტომ დახმარება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სთხოვა. გარკვეული დისკუსიის შემდეგ, მხარეებმა გადაწყვიტეს უპირატესობა სხვა სამხედრო ხარჯებისთვის მიენიჭებინათ. რეალურად, 3.25 მილიონი დოლარი მცირე ნაწილია იმ საერთო ხარჯებისა, რომელიც Starlink-ის შენარჩუნებას სჭირდება. ილონ მასკის განცხადებით, დაზიანებული ტერმინალების შეცვლასა და კიბერთავდასხმებისგან სისტემის დაცვას ყოველთვიურად 20 მილიონი დოლარი მაინც სჭირდება, რასაც მისი კომპანია დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაწვდება.
"ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით ტერმინალების ნაწილი სარგებლობს, რაც უკრაინის მიერ რუსეთის აგრესიის შესაკავებლად პირდაპირი ტაქტიკური ბერკეტია. ჩვენ განვიხილავთ და ვანიჭებთ პრიორიტეტს ყველა ახალ მოთხოვნას, რომელიც უკრაინის მიერ პუტინის აგრესიის შესაკავებლად იქნება საჭირო". — განუცხადა CNN-ს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა
ჯერ არ არის ცნობილი, შეთანხმების შემთხვევაში, დანახარჯების რა ნაწილს დაფარავს თავდაცვის დეპარტამენტი, თუმცა იქამდე ამას ილონ მასკი გააკეთებს და მისივე გადასაწყვეტია, თუ სად შეძლებენ ტერმინალების გამოყენებას უკრაინელი სამხედროები.
კომენტარები