ჩინეთის ახალ კოსმოსურ სადგურზე, რომელიც Tiangong -ის სახელითაა ცნობილი, მეცნიერები რეპროდუქციული ექსპერიმენტის ჩატარებას გეგმავენ. ამ უკანასკნელის ფარგლებში მათ მაიმუნების შეჯვარება სურთ.

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლების განცხადებით, კვლევები Wentian-ად წოდებულ მოდულში ჩატარდება, რომელიც უდიდესია და 2 ბიოლოგიური სატესტო განყოფილებითაა აღჭურვილი. ამჟამად იქ ადგილი მხოლოდ წყალმცენარეებისთვის, თევზებისთვისა და ლოკოკინებისთვისაა, თუმცა ეს ლაბორატორია გაფართოებადია და კონფიგურაციას ექვემდებარება.

მას შემდეგ, რაც შედარებით მცირე ზომის ცხოველებზე ჩაატარებენ ცდებს, სპეციალისტები კვლევაში თაგვებისა და მაკაკების ჩართვას აპირებენ, რათა გაიგონ, რამდენად შეძლებენ ისინი კოსმოსში გაზრდასა და გამრავლებას.

"ეს ექსპერიმენტები დაგვეხმარება, მიკროგრავიტაციასთან და სხვა კოსმოსურ პირობებთან ორგანიზმის ადაპტაციაზე ცოდნა გავიღრმავოთ", — ამბობენ ისინი.

მაკაკები.

ფოტო: Shutterstock

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სადგურზე დიდი ზომის არსებების მოვლა, რა თქმა უნდა, სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ, მათი თქმით, მსგავსი ცდები აუცილებელია. ეს იმიტომ, რომ მაიმუნები ადამიანებს ბევრი რამით ჰგვანან და, რადგან მომავალში მთვარისა თუ დედამიწის ორბიტაზე ასტრონავტების გაშვებას მრავალი ქვეყანა გეგმავს, საჭიროა ვიცოდეთ, შევძლებთ თუ არა კოსმოსში შეწყვილებას.

ეს კითხვა ათწლეულებია, არსებობს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გრავიტაციის ნაკლებობაა, რის გამოც ახლო კონტაქტი ძნელია, მეორე სირთულე კი ის გახლავთ, რომ კოსმოსში მყოფ ასტრონავტებს დაბალი წნევა აქვთ, რაც აღგზნებადობას ამცირებს. ცივი ომის დროს, საბჭოთა კავშირმა ამ დაბრკოლებების გადალახვა თაგვების მაგალითზე სცადა, თუმცა მღრღნელები ვერ გამრავლდნენ.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პატარა სივრცეში დიდხანს ყოფნამ და კოსმოსური ხომალდით მგზავრობამ შესაძლოა, მაკაკებში უარყოფითი რეაქციები გამოიწვიოს, როგორიც უმადობა, ნაკლები აქტიურობა და შიშია. ამასთან გამკლავება კი ასტრონავტებისთვის ნამდვილი გამოწვევა იქნება.

როგორ განვითარდება მოვლენები, მომავალი გვიჩვენებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.