პრესრელიზის მიხედვით, მფრინავი მანქანების უდიდესმა აზიურმა მწარმოებელმა XPENG AEROHT-მა მსოფლიოში პირველი სრულად ელექტრო eVTOL-ის (electric vertical take-off and landing) ახალი მოდელი წარადგინა.

Bloomberg-ის ცნობით, ამ კონკრეტული მფრინავი მანქანის ფასი 140 000$ იქნება, XPENG AEROHT-ის წარმოება კი 2025 წლის დასაწყისისთვისაა მოსალოდნელი. მფრინავი მანქანების სტარტაპები წინ მიიწევენ, მიუხედავად რეგულაციებთან თუ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, ისინი მობილობის მომავლისთვის იბრძვიან.

ჰაერში და ტრასაზე

თუ გასული საუკუნის საავტომობილო ინდუსტრიამ თავი "ამფიბიებით" დაგვამახსოვრა, რომელთაც ტრასაზე სიარული და წყალში ნავივით ცურვა შეეძლოთ, 21-ე საუკუნე შერეული შესაძლებლობების ახალ ვარიანტს გვთავაზობს.

"ჰაერში ფრენასა და გზაზე სიარულისთვის შექმნილი ეს ავტომობილი აღჭურვილია "ფრთების" დაკეცვის კომფორტული სისტემით. ასევე, მას აქვს ფრენის კონტროლი და ორძრავიანი სარეზერვო სისტემა, რომელიც უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი", — ნათქვამია განცხადებაში.

ახალი მოდელი კომპანიის წინა ორმაგროტორიანი ვერსიის იდენტურია, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, აღჭურვილია ახალი მულტიროტორული კონფიგურაციითაც. ფრენის უსაფრთხოებისა და სანდოობის გასაუმჯობესებლად, მთლიანი სისტემის დიზაინის კომპლექსურობა ახალ მოდელში შემცირებულია.

ჯერჯერობით სატესტო მოწყობილობამ საცდელი ფრენა და ერთი ძრავის მწყობრიდან გამოსვლის ტესტი წარმატებით გაიარა. როცა ავტომობილი ტრასაზე მოძრაობს, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც სხვა მანქანებში, ფრენის რეჟიმის დროს კი მართვა ხდება საჭითა და მარჯვენა ხელზე მორგებული გადაცემათა ბერკეტის საშუალებით.

ფრენის რეჟიმში მოწყობილობის სრულად კონტროლია შესაძლებელი: წინსვლა, უკუსვლა, აფრენა, დაშვება, მოხვევა და შემობრუნება. როცა კანონები და რეგულაციები ამის საშუალებას მოგვცემს, ამ ტიპის ავტომობილის მფლობელებს შეეძლებათ გადააფრინდნენ წინაღობებს, მდინარეებს და, რაც ყველაზე მთავარია, საცობში წინ მდგომ ავტომობილებს.

ხედი მფრინავი ავტომობილიდან

ფოტო: XPENG AEROHT

eVTOL ბაზარი

eVTOL ინდუსტრიამ ბოლო რამდენიმე თვეში საკმაოდ წინ წაიწია. 2022 წლის სექტემბერში ლონდონურმა სტარტაპმა SkyFly, ორ ადამიანზე გათვლილ eVTOL Axe-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო.

ასევე იხილეთ: ნახეთ: მსოფლიოში პირველი მფრინავი მოტოციკლი ჰაერში 40 წუთის განმავლობაში ძლებს

Axe მომხმარებელთათვის პროდუქტის მიწოდებას 2024 წელს დაიწყებს. მოწყობილობას 160 კმ/სთ სიჩქარის განვითარება და 320კმ-ის გავლა შეუძლია. ტრასაზე გადაადგილებისას Axe ფრთებს მაღლა იკეცავს, რაც უნიკალურ გარეგნობას აძლევს.

ამავე სექტემბერში ამერიკულმა კომპანია Doroni-მ ასევე დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება "პერსონალურ" საფრენ აპარატზე. Doroni სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ბაზრის მეორე ნაწილს უმიზნებს. თუ სხვა კომპანიები გათვლას ტაქსისა და მსგავს სერვისებზე აკეთებენ, ამერიკულ სტარტაპს მფრინავი ავტომობილი პერსონალურ, მასობრივი გამოყენების საგნად წარმოუდგენია.

ბაზრის წამყვან მოთამაშეებს შორის არიან კორეული Plana, რუმინული MadBat და ბრიტანული VX4. ერთი სიტყვით, თუ სახელმწიფოები ამ მიმართულებით კანონმდებლობას მოკლე ხანში მოაწესრიგებენ, მფრინავი ავტომობილების მომავალი იმაზე ახლოს არის, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.