ელექტროსიგარეტის მოწევა გულისათვის ისეთივე საზიანოა, როგორიც ჩვეულებრივი სიგარეტის — კვლევა
შესაძლოა, ორივე პროდუქტის ერთად მოხმარება ჯანმრთელობისათვის მით უფრო მავნებელი აღმოჩნდეს.
ახლახან გამოცემაში Arteriosclerosis, Thrombosis and Vascular Biology, რომელსაც ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) ექსპერტები მიმოიხილავენ, ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელთა ფარგლებშიც მეცნიერებმა სისხლძარღვებსა და გულის ჯანმრთელობაზე ელექტროსიგარეტის გავლენა შეისწავლეს. უწყებას AHA ავრცელებს.
ერთი კვლევა თაგვებზე ჩატარდა, მეორე კი — ადამიანებზე. როგორც ორივეთი დგინდება, მავნე ზეგავლენა მინარევების შესუნთქვას აქვს და არა ელექტროსიგარეტის ორთქლის ანდა ტრადიციული სიგარეტის კვამლის კონკრეტულ კომპონენტებს.
"თამბაქოს კვამლში ათასობით ქიმიკატია აღმოჩენილი, ზოგიერთი მათგანი კი ელექტროსიგარეტის აეროზოლებშიც გვხვდება, როგორც ორიგინალი ინგრედიენტი ანდა გაცხელებით გამოწვეული ქიმიური რეაქციის პროდუქტი", — განაცხადა დოქტორმა მეთიუ ლ. სპრინგერმა, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის პროფესორმა და ორივე კვლევის ხელმძღვანელმა — "გვინდოდა გაგვეგო, კვამლის ანდა ელექტროსიგარეტის ორთქლის რომელ კონკრეტულ კომპონენტს შეიძლება შეეშალა ხელი სისხლძარღვების ფუნქციონირებისათვის".
ერთ კვლევაში სპრინგერმა და მისმა გუნდმა ვირთხებს ოთხი ტიპის ტრადიციული სიგარეტის კვამლი, ასევე ელექტროსიგარეტთან დაკავშირებული ორი ტიპის აირი და ნახშირბადის ნანონაწილაკები ასუნთქეს.
მკვლევართა გასაოცრად, აირებსა და ნახშირბადის ნანონაწილაკებს ისეთივე საზიანო გავლენა ჰქონდა, როგორც მთლიანად თამბაქოს კვამლს, მიუხედავად იმისა, რომ იგი კვამლის სრულებით განსხვავებული ქიმიური თუ ფიზიკური კომპონენტებით ხასიათდება.
ასევე იხილეთ: ახალი კვლევის თანახმად, ელექტროსიგარეტის მოწევა ერექციული დისფუნქციის რისკს ზრდის
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ სიგარეტსა და ელექტროსიგარეტს სრულებით სხვადასხვა შედგენილობა აქვს, როგორც ჩანს, თაგვების სისხლძარღვებს ისინი ერთნაირად აზიანებს.
მეორე კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 120 ზრდასრული ადამიანი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ გულის დაავადებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ორივე ტიპის სიგარეტის მოწევა იწვევს.
კვლევის ხელმძღვანელის თქმით, როგორც ჩანს, საზიანო თავად ნივთიერებების შესუნთქვის აქტია და არა უბრალოდ ამ პროდუქტთა ცალკეული ინგრედიენტები.
"მნიშვნელოვანია, რეგულატორებმა, კლინიცისტებმა და საზოგადოებამ გაიაზროს, რომ ელექტროსიგარეტის მოწევა უსაფრთხო არ არის", — განაცხადა სპრინგერმა — "გულსისხლძარღვთა სისტემაზე ორივე ტიპის სიგარეტის მოწევას ერთნაირად საზიანო გავლენა შეიძლება ჰქონდეს, თუმცა თითოეული მდგომარეობა ისეთ შესაძლო საზიანო ეფექტს იწვევს, რომელსაც სხვა არა".
AHA-ს განცხადებით, შესაძლოა, ორივე პროდუქტის ერთდროულად მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობისათვის მეტისმეტად საზიანო აღმოჩნდეს. შესაბამისად, შეიძლება, ერთიდან მეორეზე მონაცვლეობა მხოლოდ ერთ-ერთის მოწევაზე მეტად მავნებელი იყოს.
კომენტარები