Tesla Model Y მწყობრიდან გამოვიდა და ავარიაში მოყვა — ვიდეო
მძღოლის თქმით, ავტომობილი მას არ დაემორჩილა და მუხრუჭზე რეაქცია არ ჰქონია
ილონ მასკის კომპანიის პრობლემები გრძელდება, მწყობრიდან გამოსული Tesla Model Y ჩინეთში ავარიაში მოყვა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა Tesla-ს ავტომობილებს მუხრუჭთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. Bloomberg 2022 წლის თებერვალში იუწყებოდა, რომ NHTSA (The National Highway Traffic Safety Administration) იძიებდა Tesla Model 3-ისა და Model Y-ის სამუხრუჭე სისტემის პრობლემის 416000 შემთხვევას, სადაც გარდა მუხრუჭისა, კომპანიის ავტონომიური მართვის სისტემაც მონაწილეობდა.
ინციდენტი 5 ნოემბერს მოხდა, მას შემდეგ კი ჩინელი მომხმარებლები ჩანაწერებს სოციალურ ქსელებში აზიარებენ. კადრებში ჩანს, რომ Model Y პარკირებას ცდილობდა, თუმცა შემდეგ დაიძრა და ძალიან მაღალი სიჩქარით ტრასაზე განაგრძო სიარული. ავტომობილმა 30 წამში 2.6 კმ-ის გავლა მოასწრო, გზად არაერთი მოტოციკლეტი და ავტომობილი დააზიანა, შემდეგ კი გზის განაპირას შენობას შეეჯახა.
ასევე იხილეთ: ვინ არის დამნაშავე, მძღოლი თუ ავტოპილოტი? სასამართლო უპრეცედენტო საქმეს განიხილავს
55 წლის მძღოლის ცნობით, ავტომობილი მას არ დაემორჩილა და მუხრუჭზე რეაქცია არ ჰქონია. ინციდენტს პოლიცია იძიებს. ოჯახმა Tesla-ს უკვე მიმართა. პოლიციის ცნობით, მძღოლი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა.
მიუხედავად ამისა, შესაძლოა, Model Y არაფერ შუაში იყოს. ვიდეოში ჩანს, რომ შეჯახებამდე ანთებული არ იყო განათება, რომელიც მუხრუჭის გამოყენების შემდეგ ირთვება, ამიტომ არსებობს ალბათობა იმისა, რომ მძღოლს მუხრუჭი არ გამოუყენებია. მეტიც, გამოიკვეთა გაზის პედლის გამოყენების ნიშნები, რაც საბოლოოდ ველოსიპედით მიმავალი სკოლის მოსწავლისა და მოტოციკლის მძღოლის სიკვდილით დასრულდა. Tesla-ს ცნობით, კომპანია გამოძიებას ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის და, მეტიც, კერძო დეტექტივსაც ჩართავს საქმეში.
კომენტარები