მასკი გაგიჟდა? ბიზნესმენი Twitter-ის მთავარ ოფისში ნიჟარით ხელში დაიარება — ვიდეო
Let that sink in!
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, Twitter-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც აბაზანის ნიჟარა აქვს მომარჯვებული და სან ფრანცისკოში, Twitter-ის მთავარ ოფისში დაიარება.
იდუმალებით მოცულმა მილიარდერმა აღწერაში დაწერა: "Entering Twitter HQ — let that sink in!". "Let that sink in" ინგლისურ ენაში ფრაზეოლოგიზმია, რომელიც კონკრეტული იდეის თანდათანობით, ეტაპობრივად დაჯერებას ნიშნავს.
ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ მასკი მალე Twitter-ის შეთანხმებას დახურავს და ქაოსური რამდენიმე თვისა და სასამართლოების შემდეგ, კომპანიას საბოლოოდ შეიძენს. მაგრამ ნიჟარით სიარული ამის გამოსახატად ნამდვილად უცნაური გადაწყვეტაა.
მასკის ვიზიტის შესახებ თანამშრომლებმა ძალიან ცოტა რამე გაიგეს. მეილში, რომელიც სქრინების სახით გავრცელდა, წერია, რომ მასკი ამ კვირას ოფისში იქნება, შეხვდება თანამშრომლებს და დერეფნებში იხეტიალებს, რათა შეისწავლოს საქმე, რომელსაც ოფისში აკეთებენ. მეილი ასევე მოუწოდებდა დაქირავებულებს, რომ შეხვედრის შემთხვევაში მისალმებოდნენ, რადგან ეს მასთან მრავალი შეხვედრის დასაწყისია. წერილის მიხედვით, მასკისგან ისინი პირდაპირ შეტყობინებას პარასკევს მიიღებენ. სავარაუდოდ, პროცესი სწორედ პარასკევს დასრულდება.
კვირის დასაწყისში მასკმა თანაინვესტორებს ამცნო, რომ საბოლოო შესყიდვა პარასკევს მოხდებოდა. Reuters-ის ინფორმაციით, საბოლოო ფასი 54.20 მილიარდი დოლარი იქნება.
კომპანიაში კი, მმართველობის შეცვლის შემთხვევაში, დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი: Washington Post-მა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასკი დასაქმებულების 75%-ს დაითხოვს.
კომენტარები