Apple-მა დაადასტურა, რომ Iphone Type-C-ის გამოყენებაზე გადადის — რატომ
მომავალში, თქვენი iPhone-ის დასატენად Type-C-ს გამოიყენებთ
ევროკავშირის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, Apple-მა დაადასტურა, რომ iPhone-ების Type-C-ით აღჭურვა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე გაყიდულ ყველა იმ მობილურს, რომელიც ფიზიკური დამტენით იმუხტება, უნდა ჰქონდეს USB-C ტიპის დამტენი. The Wall Street Journal-ის შეკითხვაზე, აპირებდნენ თუ არა ამ ცვლილების შეტანას თავიანთ მოწყობილობებზე, კომპანიის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა, გრეგ ჯოზვიაკმა უპასუხა, რომ მათ დამორჩილება მოუწევთ, რადგან არჩევანი არ აქვთ.
ჯოზვიაკთან და Apple-ის პროგრამირების ვიცე პრეზიდენტ კრეიგ ფედერიგთან საუბრისას ჟურნალისტი სავარაუდო თარიღსაც შეეხო, თუ როდისთვის უნდა ველოდოთ ამ ცვლილებებს. ჯოზვიაკის თქმით, ის ვინც ევროპელთათვის დროს აწესებს, ევროკავშირია და ამჟამინდელი მდგომარეობით ყველა მობილურსა და პლანშეტს ცვლილება 2024 წლის შემოდგომამდე უნდა შეეხოს.
ბუნებრივია, კომპანია არ არის ბედნიერი იმით, რომ კანონის იძულებით უწევს ცვლილებაზე წასვლა. იმის აღიარებამდე, რომ კომპანია უნდა დამორჩილდეს კანონს, ჯოზვიაკი დიდი ხნის განმავლობაში ხსნიდა, თუ რატომ ერჩივნა Apple-ს კანონმდებლების დაწესებული სტანდარტების მორჩილებას თავისი გზით სიარული და საკუთარი ინჟინრების ნდობა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დამტენის ბლოკებმა, რომელთაც კაბელები ეხსნებათ, სტანდარტიზაციის პრობლემა დიდწილად გადაჭრა და მეტიც, iPhone-ის Lightning-დან USB-C-ზე გადასვლა ელექტრონული ნარჩენების რიცხვს გაზრდიდა.
საინტერესოა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ახლო მომავალში უპორტო iPhone გვექნება, რომლის დატენვაც სადენის გარეშე იქნებოდა შესაძლებელი (რაც, ევროკავშირის კანონს საერთოდ არ ეწინააღმდეგება)? ჯოზვიაკს ამასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს, მეტიც საერთოდ არაფერი უხსენებია იმაზე, რომ Apple რაიმე სახით რეგულაციისათვის გვერდის ავლას ცდილობს. სავარაუდოდ, შედეგი გარდაუვალია: მომავალში, თქვენი iPhone-ის დასატენად Type-C-ს გამოიყენებთ.
კომენტარები