ეს მარტივი მოძრაობა თქვენს მეტაბოლიზმს ააჩქარებს და ცხიმის წვაში დაგეხმარებათ
დღის დიდი ნაწილის მჯდომარე პოზიციაში გატარებას ადამიანის ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდი გავლენა აქვს და სერიოზული დაავადებების ჩამოყალიბების რისკს ზრდის. ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა კიდურების მარტივი მოძრაობა გამოცადეს, რომელსაც მსგავსი საშიშროებისგან ჩვენი დაცვა შეუძლია, რადგან კუნთის მეტაბოლიზმს აჩქარებს და ეფექტს რამდენიმე საათის განმავლობაში ინარჩუნებს.
მთავარი "სუპერძალა" ქუსლის კუნთშია, რომელიც მუხლს ქვემოთ, ფეხის უკანა ნაწილში არსებული კანჭის ტყუპი კუნთის ქვეშ მდებარეობს. ის სიარულში, სირბილსა და ხტომაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა, სპეციალისტების თქმით, მას მეტაბოლური პოტენციალიც აქვს, რომლით სარგებლობაც ჯდომისას უბრალოდ ტერფის აწევით შეგვიძლია ისე, რომ სიმძიმე თითებისკენ გადანაწილდეს (როგორც სურათზეა ნაჩვენები).
"არასდროს წარმოგვედგინა, რომ ამ კუნთს მსგავსი უნარი ჰქონდა. ის ჩვენს სხეულში ამდენი ხანია, არსებობს, მაგრამ აქამდე არავის გამოუკვლევია, როგორ შეგვეძლო მისი გამოყენება ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. როდესაც სწორად ვააქტიურებთ, ქუსლის კუნთი ადგილობრივ ოქსიდაციურ მეტაბოლიზმს საათების, არათუ წუთების, განმავლობაში აჩქარებს, რასაც სხვადასხვა 'საწვავის' ნარევის მეშვეობით ახერხებს", — ამბობენ ავტორები.
მეცნიერთა ექსპერიმენტში 25-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა ცხოვრების წესიც სხვადასხვაგვარი იყო (მჯდომარე, აქტიური, საშუალოდ აქტიური). მათ ზემოთ ნახსენები მარტივი მოძრაობის გამეორება დაევალათ, რისი შედეგებიც მეცნიერებმა ამა თუ იმ ტექნოლოგიით შეისწავლეს.
სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ცდისპირებში გლუკოზის დონის ცვალებადობის დარეგულირება 52 პროცენტით გაუმჯობესდა, ინსულინის საჭიროება კი 60 პროცენტამდე შემცირდა, როცა ისინი პარალელურად გლუკოზის შემცველ სასმელებს იღებდნენ.
ამ ერთგვარ ვარჯიშს სისხლში ცხიმების დაწვაც შეუძლია, კერძოდ, ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, რომლებიც ქოლესტერინის მაღალ დონესთანაა დაკავშირებული. ეს ქუსლის კუნთის მეტაბოლიზმის ჩვეულებრივზე 2-ჯერ მეტად აჩქარების შედეგია.
აღნიშნული კუნთი ენერგიის მისაღებად გლიკოგენის დაშლის ნაცვლად, სისხლის გლუკოზასა და ცხიმებს იყენებს, რათა სიარულისას ან სირბილისას ფუნქცია დაუღლელად შეასრულოს. გლიკოგენისგან დამოუკიდებლობა მას საათების განმავლობაში იოლად მუშაობის საშუალებას აძლევს
სპეციალისტთა მიერ აღმოჩენილი მეთოდი მეტაბოლური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად დიდი პოტენციის მატარებელია. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს მოძრაობა ძალიან სპეციფიკურია და ჯერჯერობით სათანადო ტექნოლოგიას საჭიროებს, რომელიც ამ ეტაპზე ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არაა.
ავტორები ამჟამად კონკრეტული ინსტრუქციების შემუშავებას ცდილობენ, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები მეტაბოლიზმის ამ ხერხით აჩქარებას სპეციალური ტექნოლოგიის გარეშეც შეძლებენ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში iScience გამოქვეყნდა.
კომენტარები