10 ყველაზე უცნაური რამ, რასაც კოსმოსში მოგზაურობისას შეხვდებოდით
კოსმოსი უსასრულოდ დიდი და ამასთან, უცნაურობებით სასვსეა. მაგალითისთვის, სამყარო იმდენად დიდია, რომ არსებობს კოსმოსის რეგიონები, საიდანაც ჩვენსკენ მომავალი ფოტონი ვერასდროს მოაღწევს, შესაბამისად ვერც ინფორმაცია. მაგრამ ამის გამო ნუ მოიწყენთ, ადამიანები სამყაროს იმ ნაწილს მაინც ვხედავთ, რომელიც ჩვენი გაოცებისთვის საკმარისია. მაშ ასე, ამ სტატიაში მოგიყვებით ათ ისეთ კოსმიურ მოვლენასა თუ ობიექტზე, რომლებიც მსუბუქად რომ ვთქვა უცნაურია და ჩვენს გაოცებას იწვევს.
დავიწყოთ ვარსკვლავებით!
-
ნამდვილად დიდი ვარსკვლავი — UY Scuti
ოდესღაც ადამიანს დედამიწა სამყაროს ცენტრი ეგონა. ადამიანთან შედარებით პლანეტა დედამიწა ნამდვილად ვებერთელაა, მაგრამ ახლა თვითმფრინავით სულ რაღაც 51 საათში პლანეტისთვის წრის დარტყმა შეგიძლიათ. ჩვენი მშობლიური პლანეტის დიამეტრი 12 000 კილომეტრია. მზესთან შედარებით ეს არაფერია, მზის დიამეტრი დედამიწისაზე 109-ჯერ დიდია და 1,3 მილიონი კილომეტრია. მეტიც, თავად მზის სისტემაში სრული მასის 99 პროცენტი მზეზე მოდის. არაა ცოტა ხო?
გაიცანით, UY Scuti! ამ წითელი ჰიპერგიგანტის დიამეტრი დაახლოებით 1 700-ჯერ აღემატება მზისას. გავამრავლოთ 1,3 მილიონი 1 700-ზე, მივიღებთ 2,2 მილიარდი კილომეტრის დიამეტრის მქონე ობიექტს. მასშტაბების წარმოასდგენად მზე რომ ალუბალი ყოფილიყო, UY Scuti 10 სართულიანი შენობის ხელა სფერო იქნებოდა. თუ ამ ვარსკვლავს ჩვენი მზის სისტემის ცენტრში მოვათავსებთ (ანუ იქ, სადაც ახლა ჩვენი მზეა), მისი ზომა ყველა შიდა პლანეტას გადაფარავდა და იუპიტერსაც მოიცავდა.
ეს სუპერ გიგანტი ჩვენგან 9 500 სინათლის წლითაა დაშორებული და მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში დაახლოებით 200 სიქსტილიონი ვარსკვლავი უნდა იყოს UY Scuti თავისი ზომებიდან გამომდინარე ნამდვილად გამორჩეულია და ჩვენი სიის გახსნას ნამდვილად იმსახურებს.
ჯერ მარტო ეს წარმოიდგინეთ, დედამიწა ამ ზომის ვარსკვლავის გარშემო რომ ბრუნავდეს 10 000 წელი დასჭირდებოდა ერთი სრული წრის დასარტყმელად. ეს კი ნიშნავს, რომ ცალკეულად ერთი სეზონი 25 000 წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა. იარსებებდა თაობები, რომლებსაც მითებში და ლეგენდებში უწერიათ ზამთარსა თუ ზაფხულზე.
2. ვარსკვლავი ვარსკვლავში
გიგანტი ვარსკვლავი ძალიან საინტერესოა, მაგრამ რას იტყვით ვარსკვლავზე, რომელიც ვარსკვლავშია? დიახ, ეს უცნაურია და ჩვენს კოსმიურ უცნაურობებში შემდეგ ადგილს სწორედ ასეთი ობიექტი თუ მოვლენა იკავებს.
საუბარი გვაქვს გიგანტურ ვარსკვლავზე, რომლის შიგნითაც საერთოდ სხვა ვარსკვლავია მოთავსებული. მას თორნ-ჟიტკოვის ობიექტი ეწოდება. რამდენიმე წლის წინ ჩვენი გალაქტიკის მეზობლად ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ვარსკვლავი აღმოაჩინეს. ეს თავისი სიცოცხლის დასასრულისკენ მიმავალი ციური ობიექტი იყო. პირველად ინტრიგა ვარსკვლავის შემადგენლობამ გააჩინა, თუმცა შემდგომში გაირკვა, რომ ეს უზარმაზარ ზომებამდე გაბერილი ვარსკვლავი იყო, რომელმაც თავისი კომპანიონი ნეიტრონული ვარსკვლავი გადაყლაპა.
რასთან გვაქვს საქმე? კი, შეიძლება ითქვას ეს უცნაური და ერთგვარი ასტრონომიული კანიბალიზმის აქტია. საუბარია ერთგვარ ჰიბრიდულ ვარსკვლავზე, სადაც წითელი გიგანტური ვარსკვლავი ბირთვში ნეიტრონულ ვარსკვლავს იქცევს. ეს ამ ორი ობიექტის შეჯახების შედეგად ხდება. ასეთი ობიექტების არსებობის შესახებ ჰიპოთეზა ჯერ კიდევ 1974 წელს ფიზიკოსმა კიპ თორნმა წამოაყენა. უკვე 2014 წელს მაგელანის მცირე ღრუბელში ასეთი ობიექტის არსებობის შესახებ განაცხადეს — ეს HV 2112-ია.
და მაინც, როგორ ხდება ეს უცნაური კოსმიური მოვლენა? ნეიტრონული ვარსკვლავი კომპანიონ გიგანტ ვარსკვლავზე ადრე ფორმირდება. თუმცა, მასიური მეწყვილე ხანმოკლე სიცოცხლეს კოლაფსით ასრულებს. ასეთ დროს ორი ვარსკვლავი ერთმანეთს უახლოვდება და ნელ-ნელა მათი ორბიტები იკვეთება. ამ პროცესში ნეიტრონული ვარსკვლავის ბრუნვა საგრძნობლად მუხრუჭდება, ეტაპობრივად შთაინთქმება და ჰოი საოცრებავ, ის გიგანტის ბირთვში ექცევა.
3. ცივი ვარსკვლავი
ვარსკვლავი ვარსკვლავში ნამდვილად რთული წარმოსადგენია, მაგრამ რას იტყვით ცივ ვარსკვლავზე? დედამიწაზე ყველამ, პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ მზე გვათბობს. მზე ათბობს როგორც ჩვენს პლანეტას, ისე ჩვენ და ზოგადად სიცოცხლეს. მზეზე ტემპერატურა 15 მილიონი გრადუსი ცელსიუსიდან 5 500 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს. ცვალებადობა დამოკიდებულია იმაზე თუ ვარსკვლავის რა ნაწილზეა საუბარი. მეტიც, მზე სულაც არ არის ყველაზე ცხელი ვარსკვლავი, არსებობს უამრავი მასზე კიდევ უფრო მძვინვარე ციური ობიექტები. მაგრამ როგორც ჩანს, კოსმოსში უცნაური ცივი ვარსკვლავებიც გვხვდება, მათგან ყველაზე გამორჩეული კი ყავისფერი ჯუჯას ტიპის ციური ობიექტი WISE 0855−0714-ია.
ცნობისთვის, ყავისფერი ჯუჯას კლას სუბვარსკვლავური ობიექტები მიეკუთვნებიან, რომლებიც იმდენად მასიურები არ არიან ჩვენი მზისთვის დამახასიათებელი სინთეზური რეაქციები რომ წარმოქმნან. მათი მასის დიაპაზონი გაზურ გიგანტებსა და მსუბუქ ვარსკვლავებს შორისაა. ეს ზედა ზღვარი დაახლოებით 80 იუპიტერის მასამდეა.
რაც შეეხება ხსენებულ WISE 0855-0714-ს, ის ჩვენგან 7 სინათლის წლითაა დაშორებული და მისი აღმოჩენა 2014 წელს მოხდა. და ის აგრეთვე ამ ტიპის ყველაზე ცივი ობიექტია, რომლის ტემპერატურა −48-დან −13°C-მდეა. WISE 0855-0714-მა ჩვეულებრივი ვარსკვლავივით დაიწყო ფორმირება, თუმცა მისი მასა არ იყო საკმარისი შესაბამისი სინთეზის მისაღებად. ამიტომ, ვარსკვლავი ნელ-ნელა გაცივდა.
რაც ასევე საინტერესოა, WISE 0855−0714 არის მეოთხე ყველაზე დიდი პარალაქსის მქონე ვარსკვლავი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მეოთხე ყველაზე ახლოს მყოფი ეგზოპლანეტარული სისტემაა მზესთან.
4. უცნაური მნათობი — უბრალოდ ცვალებადი სიკაშკაშე თუ უცხო ცივილიზაცია?!
ცოტა მისტიკაც!
ვის არ უოცნებია არამიწიერ ცივილიზაციასთან კონტაქტის დამყარებაზე?! ალბათ ბევრს, მაგრამ პირველ რიგში ამაზე ასტრონომები ფიქრობენ. KIC 8462852-ს, იგივე ტაბის ვარსკვლავს ჯერ კიდევ 1890 წელს აკვირდებოდნენ, ის ცაზე ნაწილობრივ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუმცა 2015 წელს ვარსკვლავის შემსწავლელმა მეცნიერებმა ძალიან საინტერესო და უცნაური მოვლენა დააფიქსირეს.
ვარსკვლავს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპით აკვირდებოდნენ და შედეგად, სინათლის უჩვეულო მერყეობა შენიშნეს. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მსგავსი უჩვეულო ცვალებადობა დაფიქსირდა და ეს 150 000 ვარსკვლავიდან, რომელსაც კეპლერის მისია აკვირდება.
სინათლის უჩვეულო მერყეობა გასაგებია, მაგრამ რატომ მოხვდა ის ჩვენს სიაშია? ამის მიზეზი იმაშია, რომ ეს შეიძლება სულაც უცხო ცივილიზაციასთან იყოს დაკავშირებული. საქმე შეიძლება არამიწიერი ცივილიზაციის მიერ აშენებულ დაისონის სფეროსთან გვქონდეს, რომელიც ვარსკვლავის გარშემო მბრუნავი კონსტრუქციაა. ეს კი არამიწიერი ცივილიზაციის მიერ ვარსკვლავის ენერგიის სამართავად შეიძლება ხდებოდეს. ასეთი ცივილიზაცია ჩვენსას რამდენიმე საუკუნით უნდა უსწრებდეს.
მეცნიერები აქტიურად სწავლობენ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ რადიოსიგნალებს, რომლებიც შეიძლება ვარსკვლავიდან მოდიოდეს, თუმცა მათი დაჭერა ჯერ ვერ ხერხდება. ეს შეიძლება სულაც მტვრიანი კომეტების უჩვეულო ჯგუფი იყოს, მაგრამ მოდით მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ტაბის ვარსკვლავი და მისი შუქის იდუმალი ცვალებადობა ჩვენს სიაში მოხვედრას ნამდვილად იმსახურებს.
პლანეტა ჩვენგან 1 500 სინათლის წელიწადითაა დაშორებული. ამიტომ, თუ იქ მართლაც ცივილიზაციაა ჩვენს მიერ გაგზავნილ "შეტყობინებას" დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად 1 500 წელი დასჭირდება, პასუხის მიღებასაც იგივე დრო. ესეც ჩვენი 3 000 წელი მისალმებაზე პასუხის მისაღებად.
5. პლანეტა ბრილიანტი
სადაც ვარსკვლავები, იქაც პლანეტა და აი ისიც — პლანეტა ბრილიანტი! 55 კირჩხიბი E (55 cancri E) ასტრონომებმა 2004 წელს აღმოაჩინეს. პლანეტა კიბოს თანავარსკვლავედშია და დედამიწისგან 33 სინათლის წლითაა დაშორებული. პლანეტის დიამეტრი დედამიწისაზე 2-ჯერ მეტია, ხოლო მასით 8-ჯერ. და ჰოის საოცრებავ, როგორც ჩანს, პლანეტა ალმასისაა!
ამ სუპერდედამიწის შემადგენლობა ასეთია: სილიციუმის კარბიდი, ნახშირბადი და რაც შეეხება ალმასებს, ის პლანეტის მესამედს იკავებს! მეცნიერების თქმით, პლანეტის ზედაპირი გრაფიტისა და ალმასის ფენებით უნდა იყოს დაფარული და ისინი დედამიწის საგანძურს ჰგავს. რაც შეეხება პლანეტის სიღრმეს, იქ ალმასი გამდნარ მდგომარეობაშია.
საიდან ამხელა საგანძური? მზის სისტემაში პლანეტების მრავალფეროვნების მიუხედავად ისინი იმავე ნივთიერებებისგან შედგებიან, რისგანაც ჩვენი ვარსკვლავი. ეს იმიტომ, რომ პლანეტები, მთვარეები, ასტეროიდები და სხვა ციური სხეულები იმ მასალისგან შედეგბა რაც მზის ფორმირების დასრულების შემდეგ დარჩა. შესაბამისად, მზის სისტემაში ყველფრის ქიმიური შემადგენლობა ჩვენს ვარსკვლავთანაა დაკავშირებული. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ სამყაროზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ვარსკვლავი ერთი და იმავე მასალისგან არაა "გამოძერწილი". ამიტომ, გალაქტიკის მასშტაბებით მზის სისტემისგან სრულიად განსხვავებული პლანეტებიც არსებობს — მაგალითად, ვარსკვლავები, რომლებიც ნახშირბადით მზეზე ბევრად მდიდარია, შეიძლება "დაჯილოდოებულნი" იყვნენ ეგზოპლანეტებით, რომლებიც ძირითადად ალმასისგან შედგება.
და აი ისიც, 55 cancri E, პლანეტა, რომელიც 30 ნონილიონ დოლარად ფასდება. ციფრებში ეს ასე გამოიყურება 30 000.000.000.000.000.000.000.000.000.000
ასევე: შემდეგი პოდკასტი: ეგზოპლანეტები — მეორე დედამიწის ძიებაში
6. გავარვარებული ყინულის პლანეტა — Gliese 436b
ამ კოსმიურ უნაურობაზე მისი სათაურიც მეტყველებს. გავარვარებეული ყინული — ეს ოქსიმორონი ისაა, რაც ამ პლანეტის მთავარი მახასიათებელია. Gliese 436b დედამიწიდან დაახლოებით 30 სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული. და როგორც უკვე მიხვდით, ის შედგება საოცრად ცხელი ყინულისგან.
რაც შეეება მასშტაბებს, ის ნეპტუნის ზომის პლანეტაა, რომელიც წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. საინტერესო ისაა, რომ პლანეტა საოცრად ახლოს მდებარეობს თავის ვარსკვლავთან და ძალიან სწრაფად ბრუნავს. ერთ სრულ ბრუნს (ერთ წელს) ის სულ რაღაც "2 დღეს" ანდომებს.
ამ სიახლოვის გამო, პლანეტის ტემპერატურა 526ºC-ზე მაღალია, ეს კი საკმარისად ბევრია წყლის თხევადი სახით ვერ შენარჩუნებისთვის. შესაბამისად, პლანეტის ატმოსფეროში საკმარისზე მეტი მეთანი უნდა იყოს. სწორედ აქ იწყება Gliese 436b-ს კოსმიური უცნაურობები. მაშ ასე, პლანეტაზე 7 000-ჯერ ნაკლები მეთანია ვიდრე ის უნდა იყოს. მეტიც, საქმე გვაქვს ნახშირბადის მონოქსიდის მოლეკულების გასაოცარ სიმრავლესთან. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნახშირბადის მონოქსიდი არ უნდა იყოს ასეთი მასშტაბებით, რადგან ის მცირდება, როდესაც ტემპერატურა გარკვეულ ზღურბლს აჭარბებს.
მეტიც, ასტრონომები ფიქრობენ, რომ პლანეტაზე კლდოვანი ბირთვის თავზე არის ეგზოტიკური წყლის ყინულის დიდი კონცენტრაცია, რომელიც ცნობილია როგორც "Ice-x". და ეს უცნაური ყინულის ნაერთი მყარია, მიუხედავად საოცრად ცხელი ტემპერატურისა. საუბარია 500 გრადუს ცელსიუსზე მაღალ ტემეპრატურაზე და კი, იქ მაინც ყინულია.
და მაინც, როგორ?! პლანეტის უზარმაზარი გრავიტაცია საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ შეკუმშოს წყლის ორთქლის კვალი მის ატმოსფეროში, რაც ხელს უშლის წყლის თხევად ფორმაში დაბრუნებას.
7. ოუმუამუა — ციური სხეული, რომელიც შეიძლება ხელოვნური იყოს?!
პლანეტებისა და ვარსკვლავების შემდეგ უცნაურ ციურ სხეულზეც უნდა მოგიყვეთ. ეს ოუმუამუაა, იდუმალებით მოცული ობიექტი. თავად სიტყვა სახელწოდება "ოუმუამუა" ჰავაიურ ენაზე მზვერავს ნიშნავს. ობიექტი ასტრონომებმა პირველად 2017 წელს შორეულ მზის სისტემაში შენიშნეს. თავიდან ის ყველას კომეტა ეგონა. როდესაც უფრო ახლოდან დააკვირდნენ, ახლა ასტეროიდს მიამსგავსეს და მისი კლასიფიკაცია მალევე შეიცვალა.
აქვე ორი სიტყვით უნდა ითქვას ასტეროიდებსა და კომეტებს შორის განსხვავებაზე: კომეტები ყინულისგან, მტვრისგან და ცოტა ქვისგან შედგება. ჩვენს მზის სისტემაში კომეტები მზიდან ძალიან, ძალიან შორს წარმოიქმნება, სადაც ვარსკვლავის სითბო ვერ ადნობს მათ ყინულს. ასტეროიდი კი შედგება ქვისგან, მტვრისა და მეტალისაგან. მათ შეუძლიათ, კომეტებისგან განსხვავებით, მზესთან უფრო ახლოს წარმოიქმნან და არ დაპატარავდნენ მასთან მიახლოებისას.
მაშ ასე, ოუმუამუას კომეტებთან დაკავშირებული არც ერთი მახასიათებელი არ აქვს. ის მოწითალოა და მის გარშემო მტვერი არ შეინიშნება. ეს გვეუბნება, რომ ის მკვრივი ქვითა და მეტალითაა შედგენილი, რომელიც კოსმოსურმა გამოსხივებამ გააწითლა.
ობიექტის სიჩქარე 95 000 კმ/სთ-ია, ხოლო სიგრძე 400 მეტრი. ის იმდენად სწრაფად მოძრაობს, რომ მზის მიერ მისი გრავიტაციულად დაჭერა რთულია. შესაბამისად, მზის გრავიტაცია არ იყო ერთადერთი, რაც გავლენას ახდენდა ობიექტის ტრაექტორიაზე სივრცეში. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ობიექტი მზის სისტემის გარეთ ჩამოყალიბდა და ჩვენს სისტემას ასე ეწვია. მეცნიერებს ობიექტის წარმომავლობისა და შემადგენლობის ზუსტი განსაზღვრა უჭირთ. სწორედ ამიტომ გაჩნდა ჰიპოთეზები, თითქოს ეს უცხო პლანეტელების ზონდია, ერთგვარი მზვერავი.
თუმცა, რა თქმა უნდა, ციური სხეულის ხელოვნურ წარმომავლობაზე წამოწეული დისკუსიები ძირითადად სპეკულაციურია და მას ვერცერთი სამეცნიერო კვლევა ვერ ადასტურებს. მიუხედავად ამისა, ობიექტი ნამდვილად საინტერესოა, როგორც მინიმუმ იმიტომ, რომ ის ჩვენი მზის სისტემის გარედან გვეწვია და ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიძლება ატარებდეს.
8. ზემასიური შავი ხვრელი — TON 618
შავი ხვრელები სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და ამასთან მასიური ობიექტებია. აინშტაინის ზოგადი ფარდობითობა გვეუბნება, რომ როდესაც შავი ხვრელი კოლაფსირებული მასიური ვარსკვლავისგან წარმოიქმნება, ის სივრცეს ამრუდებს, "ხევს" კიდევაც, მის ცენტრში კი უსასრულოდ პატარა, უსასრულოდ მკვრივ წერტილს ვიღებთ, რომელსაც სინგულარობა ეწოდება. ის თუ რა ხდება შავ ხვრელებში ფიზიკის გრაალია. ამ შეკითხვაზე ზუსტ პასუხს ჯერ ნამდვილად ვერ ვიტყვით, თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე თუ რა გავლენა აქვთ ამ უცნაურ ობიექტებზე ჩვენს დროსა და სივრცეზე.
შავი ხვრელის გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ მისგან სინათლეც ვერ აღწევს, აღარაფერს ვამბობთ მატერიაზე, რომელსაც შავი ხვრელი ნაწილაკებად დაშლის. შავი ხვრელის კოლოსალური გრავიტაციის გამო, მის ჰორიზონტზე და მასში დრო საერთოდ სხვანაირად მიედინება. ეს უკვე თავისთავად კოსმიური უცნაურობაა, მაგრამ ახლა ერთ კონკრეტულ ზემასიურ შავ ხვრელს გაგაცნობთ. გაიცანით, TON 618 — სამყაროში ერთ-ერთი (ან სულაც ყველაზე) მასიური ობიექტი. ხსენებული შავი ხვრელი მზის მასაზე 66 მილიარდჯერ უფრო დიდია. ის იმდენად მასიურია, რომ მთელს გალაქტიკას განაგებს და ფარავს. მეტიც, მისი გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ ახლოს მდებარე ყველა ვარსკვლავი შთანთქა ან გალაქტიკის კიდეებისკენ გაისროლა. ცნობისთვის, საუბარი გვაქვს ისეთ კოსმიურ მონსტრზე, რომელიც ყოველდღიურად მინიმუმ მზის მასის მქონე ობიექტს "მიირთმევს".
ეს უცნაური შავი ხვრელი კვაზარიც გახლავთ, რაც ნიშნავს, რომ მის მიერ შთანთქმული მატერიის გამო ის ძალიან კაშკაშაცაა. ეს სიკაშკაშეც ანომალიურია და ის მთლიანად გალაქტიკას ფარავს. შედარებისთვის, TON 618 - 140 ტრილიონჯერ უფრო კაშკაშებს ვიდრე ჩვენი მზე.
მესმის, ციფრებსა და მასშტაბებში ამ ყველაფრის წარმოდგენა ძალიან რთულია, მაგრამ დასასრულს კიდევ ერთი გასაოცარი სტატისტიკა: TON 618 უფრო მასიურია, ვიდრე მთელი ჩვენი გალაქტიკის 400 მილიარდი ვარსკვლავის მასა ერთად აღებული.
საბედნიეროდ, ეს კოსმიური მონსტრი ჩვენგან ძალიან შორსაა და ის 10,4 მილიარდი სინათლის წელიწადითაა დაშორებული. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ 10 მილიარდი წლის წინდელ გიგანტს ვხედავთ. თუ მის მადას გავითვალისწინებთ, სავარაუდოა, რომ ამ მომენტისთვის ის კიდევ უფრო დიდი იყოს.
9. ბნელი ენერგია და მატერია — რისგან შედგება სამყარო?!
თუ აქამდე კონკრეტულ ციურ ობიექტებზე ვისაუბრეთ დასასრულ ზოგადის ჯერ დადგა! მით უმეტეს როდესაც კოსმიურ უცნაურობებზე ვსაუბრობთ სამყარო ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის დავიწყებას არ გვაპატიებს. რატომ? იმიტომ, რომ თავად ეს სამყარო ძირითადად სწორედ მათგან შედგება!
როდესაც საუბარია სამყაროს კონსისტენციაზე, თანამედროვე მეცნიერები უხერხულ უცნაურობებს აწყდებიან. დიახ, მათ არ იციან თუ რისგან შედგება სამყაროს 95 პროცენტი! ხსენებული ატომები, რისგანაც შევდგებით ჩვენ, ჩვენი პლანეტა, ვარსკვლავები და ყველაფერი რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ერთად აღებული დაახლოებით 5 პროცენტია.
დანარჩენ 95 პროცენტს ჩვენ ბნელი მატერია და ბნელი ენერგია ვუწოდეთ. ბნელ მატერიაზე საუბარი პირველად მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაიწყეს. ბნელი მატერია სამყაროს დაახლოებით 27 პროცენტს იკავებს და ეს უხილავი სუბსტანცია გალაქტიკებისა და სამყაროს უდიდესი სტრუქტურების ფორმირებას ახდენს. ის ჩვეულებრივი მატერიის ნაწილაკებს ერთმანეთისკენ იზიდავს.
რაც შეეხება ბნელი ენერგიას, ის ბნელი მატერიის "საპირისპიროა" და სამყაროს გაფართოებისკენ უბიძგებს. ბნელი ენერგია სამყაროს დაახლოებით 68 პროცენტია. და დიახ, რეალურად უდიდეს მასშტაბებზე სამყაროს გაფართოებასა და შეკუმშვაზე ის ძალები მოქმედებენ რასაც საერთოდ ვერ ვხედავთ.
ასე რომ, რთული იყო ეს ორი გამოგვრჩენოდა.
10. პლანეტა დედამიწა — სიცოცხლის მრავალფეროვნება
დაბოლოს, ის ყველაფერი რაც ზემოთ ვახსენეთ უცნაურია ჩვენი პერსპექტივიდან. რეალურად, ჩამოთვლილი უცნაურობანი ჩვენი ცივილიზაციის შეზღუდულობაზე მეტყვლებს. ის რაც ჩვენთვის და ჩვენი გარემოსთვის ნაცნობია ბუნებრივად გვეჩვენება და რაც შორეული თუ უცხოა არაბუნებრივად და უცნაურად.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ (ჰიპოთეტურად მაინც) სიცოცხლის ფორმები, რომლებიც ჩვენს მიერ ზემოთ ხსენებულ პლანეტებთან ახლოს განვითარდნენ. მათთვის ბრლიანტის პლანეტა თუ გავარვარებული ყინული ნაცნობი და ბუნებრივი იქნებოდა ხოლო დედამიწა და მისი ჰაბიტატი უცნაური. აღარაფერს ვამბობ თავად ჩვენზე, ადამიანებზე და იმ სიცოცხლის ფორმებზე, რომლებიც ამ პლანეტაზე გარემო პირობებიდან გამომდინარე განვვითარდით.
შესაბამისად, მოდით სტატიის ბოლოს მაინც ვიყოთ ობიექტურები და ვთქვათ, რომ სამყაროს ერთ-ერთი (ჯერ რაც ვიცით) მთავარი უცნაურობა თავად — ნახშირბადზე დაფუძნებული სიცოცხლე ვართ. სულ სულ მთავარი საიდუმლო კი გონება და ცნობიერი შეიძლება იყოს.
დამეწრმუნეთ, სამყაროს მასშტაბებიდან გამომდინარე ბრილიანტების პლანეტა უფრო ბუნებრივად მოსჩანს ვიდრე მე და თქვენ, რომლებიც ახლა ვსუნთქვთ. აგერ მე ეს სტატია დავწერე, თქვენ კი კითხულობთ და თავს აქნევთ, ოჰ, ეს სამყარო მართლაც რა უცნაური ყოფილაო. აბა სამყაროს ჰკითხეთ, თქვენ როგორი ხართ. . .
კომენტარები