Apple რამდენიმე დღეში iOS 16.1-ს გამოუშვებს
კომპანია iPhone-ის მფლობელებს კონფიდენციალურობის რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს შესთავაზებს
Apple iOS 16-ის განახლებას რამდენიმე დღეში გამოუშვებს. iOS 16.1-ი iPhone-ის მფლობელებს რამდენიმე მნიშნველოვან სიახლეს შესთავაზებს.
განახლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავისებურება ისაა, რომ ის მომხმარებელს კონფიდენციალურობაზე სრულ კონტროლს ანიჭებს. კერძოდ ნებისმიერი აპლიკაციიდან კოპირებისა და ჩასმის დროს ეს უკანასკნელი ვალდებულია, მოითხოვოს თქვენი ნებართვა.
ფუნქცია ხელმისაწვდომი იყო iOS 16-ის წინა ვერსიებზეც, თუმცა ხარვეზს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ნებისმიერი რამის კოპირებისა და ჩასმის დროს გაცვლის ბუფერზე წვდომისათვის აპლიკაცია თქვენს თანხმობას ითხოვდა. iOS 16.0.2-ისა და iOS 16.0.3-ის მომხმარებლები ჩიოდნენ, რომ აპლიკაციებისგან თანხმობის თხოვნის შეტყობინებები ხშირად მომაბეზრებელი ხდებოდა. ამ ხარვეზის მოსაგვარებლად 24 ოქტომბერს iOS 16.1 გამოვა.
Apple-მა გააუმჯობესა კოპირება-ჩასმის ფუნქცია და 16.1 ვერსიის მფლობელებს შეეძლებათ შეტყობინებები მოწყობილობის პარამეტრებიდან გააკონტროლონ. ამისათვის ყოველი აპლიკაციის მენიუში დაემატა ველი Paste from Other Apps (Settings > [app] > Paste from Other Apps).
მენიუ სამ ვარიანტს გვთავაზობს: Ask — აპლიკაციამ ყოველ ჯერზე უნდა გთხოვოთ თანხმობა, როცა რაიმეს დაკოპირება-ჩასმას გადაწყვეტთ; Deny — აპლიკაციაში ვერ ჩასვამთ სხვა აპლიკაციაში დაკოპირებულ ინფორმაციას; Allow — აპლიკაცია არაფერს შეგეკითხებათ და უფლებას მოგცემთ ჩასვათ სხვა აპლიკაციიდან დაკოპირებული ინფორმაცია
შეიძლება ზედმეტი შეტყობინებები მართლაც შემაწუხებელია, თუმცა iOS 16-ის ეს სიახლე თქვენი კონფიდენციალურობისათვის აუცილებელია. ESET-ის გლობალური კიბერთავდაცვის მრჩეველი ჯეიკ მურის თქმით, ბევრი აპლიკაცია უფლებას გაძლევთ, ნებართვის გარეშე ჩასვათ ინფორმაცია, რაც შეცდომის დაშვების შემთხევევაში, ძვირად დაგიჯდებათ, რადგან, შეიძლება, შეცდომით გაცემული ინფორმაცია თქვენს პირად ცხოვრებას, საბანკო ანგარიშებსა და სხვა მნიშნველოვან საკითხებს შეეხებოდეს. iOS16.1 კი საშუალებას მოგცემთ, მოხსნათ ეს ფუნქცია იმ აპლიკაციებს, რომელთაც სხვებზე მეტად ენდობით და სამუდამოდ აღკვეთოთ ინფორმაციის ნებისმიერი ჩაკოპირება იმ აპლიკაციებში, რომლებიც საეჭვოდ მიგაჩნიათ.
საერთო ჯამში, iOS 16-ის ყოველი მომდევნო განახლება უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის გაძლიერებისკენაა მიმართული, ამას, გარდა სტატიაში აღწერილი სიახლისა, მოწმობს ახალი Safety Check-იც, რომელიც iPhone-ის მომხმარებელს სშუალებას აძლევს გააკონტროლოს, თუ რომელ აპლიკაციებს რისი უფლება აქვთ მოწყობილობაზე.
კომენტარები