ექიმმა პაციენტის თვალიდან 23 კონტაქტური ლინზა ამოიღო — ნახეთ ვიდეო
დღესდღეობით კონტაქტურ ლინზებს საკმაოდ ბევრი ადამიანი იყენებს. თუნდაც მათ რიცხვში არ იყოთ, გეცოდინებათ, რომ ამ უცხო სხეულის თვალში დიდხანს დატოვება არ შეიძლება, რადგან სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია.
როგორც ჩანს, ეს ინტერნეტსივრცეში აწ უკვე პოპულარული, შუა ხნის ასაკს გადაცდენილი ამერიკელი ქალისთვის ცნობილი არ იყო, რადგან ის ლინზებს კვირების განმავლობაში საერთოდ არ იხსნიდა. შედეგად, კალიფორნიაში მოღვაწე ოფთალმოლოგმა, კატერინა კურტეევამ პაციენტის თვალიდან 23 კონტაქტური ლინზა ამოიღო და ამის ამსახველი შემაძრწუნებელი პროცესი ვიდეოზეც აღბეჭდა.
ერთი თვის წინ გადაღებული ეს კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოებისა თუ მედიის ყურადღება დაიმსახურა.
"იშვიათი შემთხვევა, როცა ადამიანს 'დაავიწყდა', ღამით კონტაქტური ლინზები მოეხსნა და ყოველ დილას ახალ-ახალს იკეთებდა", — წერს ექიმი Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
კატერინა კურტეევას თქმით, ქალი მასთან თვალების ტკივილისა და დაბინდული მხედველობის ჩვილით მივიდა. ოფთალმოლოგმა ივარაუდა, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, იქ ჩარჩენილი ძველი ლინზის ფრაგმენტი ან დაზიანებული რქოვანმა ყოფილიყო. მან ქუთუთოების შემოწმება დაიწყო და როცა პაციენტს დაბლა დახედვა სთხოვა, აღმოაჩინა, რომ ზედა ქუთუთოში ლინზების მთელი წყება იყო დაგროვებული.
"დაახლოებით 20-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში ასეთი არაფერი მინახავს. ეს პაციენტსაც არ სჯეროდა და მეკითხებოდა, დარწმუნებული ვიყავი თუ არა, რომ ჩარჩენილი ლინზების რაოდენობას სწორად ვითვლიდი", — ამბობს ექიმი.
ლინზები ერთმანეთზე იყო შეწებებული, ამიტომ ოფთალმოლოგი მათ ბამბის ჩხირით ჯგუფ-ჯგუფად იღებდა, შემდეგ კი აცალკევებდა და ითვლიდა. მისი განცხადებით, ამ ვიდეოს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მყოფი კოლეგები აქტიურად იყენებენ, რათა ადამიანებს ლინზების ყოველდღიურად ცვლის საჭიროება დაანახონ.
როგორც ცნობილია, პაციენტს თვალის სერიოზული დაზიანება არ მიუღია და თავს კარგად გრძნობს, თუმცა ექიმის რჩევის მიუხედავად, ლინზების გამოყენებას მაინც განაგრძობს.
კომენტარები