აცივდა!

ბევრისთვის ეს კარგი ამბავი ნამდვილად არ არის. თაროებიდან თბილი ტანსაცმლის გამოლაგება, გათბობის ჩართვა, დღის შუქის კლება და რაც მთავარია სიმწვანის ნაკლებობა. ეს ის დროა, როდესაც სიმწვანეში წამოკოტრიალება და გასეირნება დროებით უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე — და ეს კოღოებისგან დასვენებაა!

დიახ, სიცივესთან ერთად ერთი შვება ნამდვილად მოდის და ეს მომაბეზრებელი კოღოების ჩვენი ცხოვრებიდან წასვლაა. თუმცა, სად მიდიან ისინი? ან საერთოდ, მიდიან კი სადმე?! ალბათ ბევრ თქვენგანს აინტერესებს რა ემართებათ ზამთარში კოღოებს. ამ სტატიაში სწორედ ამაზე მოგიყვებით.

იდეალური ტემპერატურა

მაშ ასე, კოღოსთვის იდეალური ტემპერატურა 25-დან 30 გრადუს ცელსიუსამდეა. უკვე 15 გრადუსიდან მწერის მეტაბოლიზმი ნელდება და აი 10 გრადუსის ქვემოთ ის ვეღარ ფუნქციონირებს. შესაბამისად, 15-10 გრადუსის ქვემოთ კოღო ფაქტიურად აღარ შეგაწუხებთ. თუ ახლა ოთახში ტემპერატურას ამოწმებთ, თქვენი კარგად მესმის, კოღოს კამპანია არავის უნდა.

შეკითხვაზე, თუ რატომ უჭირთ კოღოებს დაბალ ტემპერატურაზე ფუნქციონირება პასუხი შემდეგია: კოღო, ისევე როგორც ყველა მწერი, ცივსისხლიანი არსებაა. შესაბამისად, მათ არ შეუძლიათ სხეულის სითბოს რეგულირება და მათი ტემპერატურა არსებითად იგივეა, რაც გარემო.

ამიტომ, კი, კოღოს იდეალური ტემპერატურა სჭირდება და მას სიცივეში ჩვენი სისხლის წოვისთვის აღარ სცალია. ეს კი გვაბრუნებს მთავარ შეკითხვასთან, რა ხდება ზამთარში, ამ დროს ყველა კოღო კვდება თუ ფრინველებივით თბილ ადგილებში მიეშურებიან?

კოღო ფრინველი არ არის

კოღო ფრინველი ნამდვილად არ არის. ფრინველები ხერხემლიანი ცხოველთა კლასია, რომელიც 9 000-მდე სახეობას მოიცავს, მაგრამ მათში კოღო ნამდვილად არ მოიაზრება. ბევრს არასწორად მიაჩნია, თითქოს კოღო ფრინველების გარკვეული სახეობის მსგავსად თბილ ქვეყნებში მიფრინავს. კოღო ამას არ და რაც მთავარია ვერც გააკეთებს. მწერი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ საკმაოდ პატარა ზომისაა და მიუხედავად მისი მოხერხებულობისა მისი სიჩქარე საათში სულ რაღაც 2 კილომეტრია. ამ ტემპით შორს ნამდვილად ვერ წახვალ იმის გათვალისწინებით, რომ დედალი კოღოს სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 40-დან 50 დღემდეა, ხოლო მამალი სულაც 10 დღე ცოცხლობს.

მეტიც, ფრინველები კოღოებისგან განსხვავებით სულაც თბილ სისხლიანები არიან. ეს კი ნიშნავს, რომ ფრინველს შინაგანი სითბოს გამომუშავება შეუძლია. ამიტომ, გადამფრენი ფრინველი მხოლოდ იმიტომ არ მიფრინავს, რომ მას სიცივეში გაძლება არ შეუძლია. ფრინველის შემთხვევაში აქ ბევრი სხვა ფაქტორიცაა, მათ შორის საკვები. მაგალითად, ფრინველები, რომლებიც მარცვლოვნებით იკვებებიან, უფრო ახლოს მიფრინავენ; რომლებიც მწერებს ჭამენ — უფრო სამხრეთით, წყალმცურავნი გაუყინავი წყალსატევეებისაკენ და ასე შემდეგ.

სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე

თბილი და ნესტიანი გარემო კოღოების სამოთხეა. კოღოებს აქვთ რთული სასიცოცხლო ციკლი, რომელიც დამოკიდებულია ტენიანობასა და სეზონურ ნალექებზე. იმის მიხედვით თუ როგორი იქნება სეზონი, ისეთივე იქნება კოღოების პოპულაცია. როგორც ვხედავთ კოღოებს თავისი სამოთხე აქვთ და იქ წყალი და ტემპერატურა გადამწყვეტ როლს ასრულებს.

წყლის ირგვლივ დადებული კვერცხები იჩეკება და მოუმწიფებელი კოღოები განვითარების ოთხ სტადიას გადიან. შემდეგ ლარვები გადაიქცევა პატარა კოღოებად, საიდანაც ვიღებთ ზრდასრულ მწერს. თავიდან ის გარკვეულ დროს წყლის ზედაპირზე ატარებს და აი მას შემდეგ რაც უკვე სრულწლოვანი სისხლის მწოველია შემაწუხებელი ბზუილით მიდის სისხლის საძიებლად.

თუმცა, მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა საბედნიეროდ, სამოთხე სულ მალე ჯოჯოხეთად იქცევა ხოლმე და ეს ყოველ წელს მეორდება. როგორც კი ცივი ამინდი იწყება, კოღოების აქტივობა ნელდება. ისინი ნაკლებად დაფრინავენ, არც ისე ხშირად იკბინებიან და სულ უფრო იშვიათად მრავლდებიან.

და მაინც, თუ კოღოები ზამთარში არსად მიფრინავენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი უბრალოდ იხოცებიან?

სად მიდიან კოღოები ზამთარში?

ცივი ამინდი არ არის კარგი კოღოებისთვის, მაგრამ მილიონობით წლის ევოლუციამ მათ რამდენიმე ხრიკი ასწავლა. პირველი რაც უნდ ვიცოდეთ ისაა, რომ ზამთარში კოღოები მთლიანად არ ქრებიან.

დედამიწაზე კოღოების 3 600 სახეობაა. სიდნეიში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი კოღო, როგორიცაა Culex annulirostris, ქრება. სხვები, როგორიცაა Culex quinquefasciatus და Culex molestus, აქტიური რჩება მთელი ზამთრის განმავლობაში. უბრალოდ მათი შემჩნევა ძალიან რთულია.

თუმცა, კოღოების უმეტესობა, ისევე როგორც სხვა მწერები, ზამთარში გადადიან უმოქმედობის ფაზაში, რომელსაც ეწოდება დიაპაუზა. ცივი ამინდის დადგომისას კოღოები სამალავი ადგილების ძებნას იწყებენ. ეს შეიძლება იყოს ხეების ღრუები, ბუჩქები, თქვენი სახლის ნაპრალები, ავტოფარეხები, სარდაფები და სხვა. და აქ ერთი პატარა პარადოქსი ჩნდება: თუ კოღო ზაფხულში (სამოთხეში) სულ რამდენიმე კვირით ცოცხლობს, ზამთრის (ჯოჯოხეთის) დადგომის შემდეგ, დიაპაუზაში გადასვლა მათ საშუალებას აძლევს გადარჩნენ რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი.

ეს მდგომარეობა ჰიბერნაციაში არ უნდა აგვერიოს. აბეზარი კოღო მძინარე დათვი არ არის. ამ დროს კოღოებს არ სძინავთ. უბრალოდ ისინი რჩებიან შეჩერებულ მდგომარეობაში, რათა მათ სხეულზე არ აისახოს სეზონის ცვლილებები.

მეტიც, კოღო შეიძლება "დაიმალოს" გაყინულ წყალშიც. არსებობს კოღოს სახეობები, მაგალითად Coquillettidia, რომელთა ლავრები დამაგრებულია წყალმცენარეებზე და ამით ცივ ტემპერატურას ემალებიან. ისინი ასე თავიანთ სიცოცხლის ციკლს ანელებენ და ძლებენ გაზაფხულის დადგომამდე.

და შთამომავლობა?

კოღოს ზოგიერთი სახეობა ზამთარს შთამომავლობის ხარჯზე უძლებს. კოღოს კვერცხები საკმაოდ გამძლეა. ერთის მხრივ, ისინი ზაფხულის ცხელ და მარილიან სანაპიროებზე ძლებენ, მეორეს მხრივ ზამთარში თოვლით დაფარულ გაყინულ გარემოშიც კი არაფერი უშავდებათ. მაგალითად, ავსტრალიის სანაპიროებზე კოღოს ერთი სახეობის (Aedes vigilax) კვერცხები ზამთარში მშვენივრად ინახება. ეს მას შემდეგ, რაც ამინდი გათბება ტერმინატორი კვერცხები მზადაა გამოსაჩეკად.

ასე რომ, სიცივის დადგომასთან ერთად, კოღოები არსად მიდიან, ეს აუტანელი არსებები ზოგ შემთხვევაში საერთოდაც ჩვენს სახლებში რჩებიან. უბრალოდ, ჩვენ მათ ვეღარ ვხედავთ. ასეთ დროს ისინი "ისვენებენ" და ახალი "სეზონის" დადგომასთან ერთად ისევ შეგვიტევენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.