Made by Google — კომპანიამ ახალი პროდუქცია წარადგინა
და, აი, ისიც — Google-მა დღეს საკუთარი პროდუქცია, მათ შორის, Google-ის პირველი ჭკვიანი საათი Pixel Watch, Pixel პლანშეტი და, რაც მთავარია, Pixel 7 და Pixel 7 Pro ოფიციალურად წარადგინა. ახლა ზუსტად ვიცით, აქვთ თუ არა ამ პროდუქტებს ის მახასიათებლები, რომელთა შესახებაც პრეზენტაციამდე სპეკულირებდნენ. მომხმარებლების მოლოდინები გამართლდა.
დღედან წინასწარ შეგიძლიათ, შეუკვეთოთ Pixel 7 და Pixel 7 Pro, რომელთა ფასი დაიწყება შესაბამისად $600-დან და $900-დან. Pixel 7-ს, როგორც მოელოდნენ, 6.3-დუიმიანი ეკრანი აქვს, ხოლო Pixel 7 Pro-ს კი — 6.7-დუიმიანი. კომპანიამ მობილურის ბლოკის სახის დასკანერებით გახსნის ფუნქცია დააბრუნა, რომელიც Pixel 5-დან და 6-დან იყო ამოღებული. ახალ მოდელს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უამრავი მახასიათებელი დაემატა — მაგალითად, აუდიო შეტყობინებების ტრანსკრიპტის მომზადება და პირიქით, ტექსტური შეტყობინებების ვერბალური გადმოცემის ფუნქციები. ასევე ტელეფონზე საუბრის დროს ხელოვნური ინტელექტი ფონურ ხმებს ახშობს, ხოლო თქვენსას კი უფრო მკაფიოს ხდის.
გაუმჯობესდა მობილურის კამერაც — მას ობიექტის 30-ჯერ გადიდება შეუძლია და Google ყველა შესაძლო ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს, რათა გადიდებული ფოტოები მკაფიო იყოს. მობილურში დამატებული ფუნქციით მარტივადაა შესაძლებელი, ფონიდან არასასურველი ობიექტები წაშალოთ. კამერაში დამატებული ლინზა კი ავტომატურად თარგმნის ტექსტებს 100 სხვადასხვა ენაზე.
პრეზენტაციის დროს აღინიშნა, რომ Pixel 7 ყველაზე ინკლუზიური მობილურია — ის მეტად მოსახერხებელია შშმ პირებისთვის, რადგან მათ საჭიროებებს მარტივად ერგება; ზემოთ მოყვანილი მაგალითების გარდა კიდევ ერთი ახალი მახასიათებელია "სელფი უსინათლო ადამიანებისთვის" — მობილური თავად გკარნახობთ, როგორ დაიჭიროთ კამერა, რათა სელფი გადაიღოთ
AI + Android + Google Tencer არის ახალი Pixel 7-ის მთავარი ფორმულა. მობილურში Google-ის მეორე თაობის ჩიპი Tencer 2-ია ჩაშენებული, რომელიც 60%-ით მძლავრი, სწრაფი და უსაფრთხოა, ხოლო ბატარეის გამძლეობა კი 20%-ითაა გაზრდილი.
კომენტარები