Twitter-მა გუშინ საკუთარ პლატფორმას ახალი ფუნქცია დაუმატა — ტვიტების დადებისას თქვენ ფოტოსთან ერთად უკვე GIF-ის განთავსებასაც შეძლებთ. მეტიც, ერთ ტვიტში შესაძლებელი იქნება, რომ ერთდროულად ვიდეო, ფოტო და გიფი ერთად ატვირთოთ.

სამშაბათს გამოქვეყნებულ ბლოგში პლატფორმამ განაცხადა, რომ თითო ტვიტზე თქვენ 4 გიფის, ფოტოებისა და/ან ვიდეოების გამოქვეყნებას შეძლებთ. ახალი ფუნქციის მახასიათებლები მომხმარებლებს პლატფორმამ ქვემოთ მოცემული ტვიტით წარუდგინა.

თვისობრივად არაფერი შეცვლილა — თქვენ ზუსტად იმავენაირად პოსტავთ ტვიტებს, როგორც ადრე. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ამჯერად გაცილებით მეტი არჩევანი გაქვთ გიფებისა და რამდენიმე ვიდეოს თუ ფოტოს სახით.

ეს ფუნქცია უკვე სრულადაა ხელმისაწვდომი iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის, თუმცა ჯერ ვერ გამოიყენებთ კომპიუტერებში — Windows-სა და Mac-ზე. თუმცა აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი სხვის მიერ დაპოსტილ ტვიტში რამდენიმე სახის კონტენტის ნახვა.