მიკროჩიპიანი ჭკვიანი აბები მიღების დროს თავად შეგახსენებთ — როგორ
თუკი წამლის მიღება ხშირად გავიწყდებათ, ჭკვიანი აბები ამ პრობლემას გადაგიჭრით.
დღესდღეობით თითქმის ყველა ტიპის დაავადების სამკურნალოდ არსებობს მრავალი სახეობის აბი. თუმცა, ცხადია, აბი არ იმუშავებს, თუკი მისი მიღება დაგავიწყდებათ. მეტიც, შეიძლება, წამლის მიღების გამოტოვებამ არასასურველი გვერდითი ეფექტებიც წარმოშვას.
ამ პრობლემის გადასაჭრელად მეცნიერებმა შექმნეს ჭკვიანი აბები, რომლებიც მარტივი მონიტორინგის საშუალებით აკონტროლებს, როდის მიიღო პაციენტმა წამალი. გამომდინარე იქიდან, რომ ჭკვიანი აბები უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომი და გამოყენებისთვის ავტორიზებულია, კარგი იქნება, თუკი გვეცოდინება, ზუსტად როგორ მოქმედებს ისინი.
როგორ მუშაობს ჭკვიანი აბები
ჭკვიანი აბების შემუშავება დიდწილად მინიატურიზაციის ნაყოფია. თანამედროვე ელექტრონიკა განვითარდა იქამდე, რომ შესაძლებელია პაწაწინა სენსორების შექმნა ერთ აბში ჩასატევად.
ალბათ, ყველაზე ცნობილი მაგალითია Abilify MyCite-ის სახელით ცნობილი წამალი, რომელიც დაამტკიცა FDA-მ 2017 წელს. ეს არის არიპიპრაზოლის ტაბლეტი, რომელსაც მოყვება სენსორი პაციენტის მიერ აბის მიღების დროის განსასაზღვრად. მოქმედების მექანიზმი გენიალურია. პაწაწინა CMOS წრე მოთავსებულია აბში, პრიმიტიულ ბატარეასთან ერთად. ბატარეის ელემენტი შედგება მაგნიუმისა და სპილენძის ქლორიდისგან. ის აქტიურდება და ათავისუფლებს თავის ენერგიას, როდესაც აბი კუჭის მჟავაში მოხვდება, აძლიერებს CMOS წრებრუნვას, რომელიც აგზავნის დაბალი სიმძლავრის მოდულირებულ სიგნალს 10-დან 30 კჰც-მდე სიხშირით, წამში დაახლოებით ორი პაკეტის სიჩქარით. შემდეგ სიგნალს იღებს სხეულზე დამაგრებული პაჩი, რომელიც აგზავნის შეტყობინებას თქვენს სმარტფონსა თუ პლანშეტთან სტანდარტული Bluetooth-ის გამოყენებით. კომპონენტები, რომლებიც ქმნიან სენსორს, ან უვნებლად მუშავდება სხეულის მიერ, ან გამოიყოფა ნარჩენის სახით, თავად სენსორი კი დაახლოებით ქვიშის მარცვლის ზომისაა.
როდესაც პაციენტი იღებს აბს, სისტემა საშუალებას აძლევს სმარტფონს, განაახლოს პაციენტის მონაცემები და გაუზიაროს ისინი სამედიცინო პერსონალს. ის ასევე გზავნის შეხსენებებს, თუკი პაციენტს დაავიწყდება წამლის მიღება. ავტომატური შეხსენებების საშუალებით, სისტემას შეუძლია დაეხმაროს პაციენტებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ პრობლემები მედიკამენტების მიღების დამახსოვრებაში. მას ასევე შეუძლია ადრეულად გააფრთხილოს ექიმები იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი გამოტოვებს რეგულარულ დოზას.
Abilify MyCite აბების შემთხვევაში, ჩართული მედიკამენტი არის ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატი, ტექნიკური სახელწოდებით — არიპიპრაზოლი. იგი ძირითადად გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა და ობსესიურ-კომპულსური აშლილობა. ეს არის წამალი, რომელსაც მიღების შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი ეფექტი. ის ასევე მკურნალობს ისეთ დაავადებებს, რომლებსაც ხშირად თან ახლავს წამლის რეგულარულად მიღების დავიწყება. შესაბამისად, აბები, რომლებიც თავადვე აკონტროლებს ამგვარი პაციენტების წამლის მიღების დროს, შესანიშნავი საშუალებაა უარყოფითი გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.
შესაძლო უარყოფითი მხარეები
ამის მიუხედავად, Abilify MyCite მონიტორინგის სისტემამ გამოიწვია დიდი ინტერესი პაციენტის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ამ საკითხის გადასაწყვეტად, პაციენტებმა, რომლებიც სისტემას იყენებენ, ხელი უნდა მოაწერონ თანხმობის ფორმებს, რომლებიც ექიმებს ან ოჯახის წევრებს სისტემის მონიტორინგის საშუალებას აძლევს. სმარტფონის აპლიკაცია ასევე პაციენტის სურვილისამებრ დაბლოკავს მისი მონაცემების გაზიარებას.
თუმცა, არსებობს მოსაზრებები, რომ ამგვარი ტექნოლოგია ჯანდაცვის სისტემას საშუალებას მისცემს, აგრესიულად ჩაერიოს პაციენტების ცხოვრებაში. მაგალითისთვის, თეორიულად, მათ შეეძლებათ, რომ დასაჯონ პაციენტები, რომლებიც მკურნალობის გეგმას არ მიჰყვებიან. ანალოგიურად, ფსიქიატრიული ცენტრიდან გამოშვებული პაციენტები, წამლის გამოტოვების გამო, შეიძლება, იძულებით დააბრუნონ ფსიქიატრიულ ცენტრში. უფრო მეტიც, ისეთ დაავადებებს, როგორიც შიზოფრენიაა, ხშირად თან ახლავს პარანოიის შეგრძნება, რომელიც ტექნოლოგიის მეთვალყურეობის პირობებში, შეიძლება, უფრო გამწვავდეს, ამიტომ მიკროჩიპების ჩადება აბებში მდგომარეობის სამკურნალოდ ამ მხრივ ვერ დაგვეხმარება. ამავდროულად, თუკი პაციენტს წამლის მიღება არ სურს, მას შეუძლია მოატყუოს სისტემა და წამლის მიღების შემდგომ აღებინოს, ან აბი სხვა მჟავაში ჩაუშვას და ა.შ.
მთლიანობაში, ჭკვიანი აბები სამედიცინო ინჟინერიის საოცარი ნაწილია, რომელიც ახლო მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება.
კომენტარები