კოვიდ 19 ნევროლოგიური დაავადებების რისკს ზრდის — ახალი კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსს დამანგრეველი გრძელვადიანი ეფექტები მოსდევს.
კავშირი კორონავირუსსა და ნევროლოგიურ პრობლემებს შორის კარგად არის დადასტურებული. თუმცა, კვლევების უმეტესობის მასშტაბი შეზღუდული იყო ჰოსპიტალიზებული პაციენტებით, იყენებდა ნევროლოგიური შედეგების ვიწრო არჩევანს და შემდგომი დაკვირვების ხანგრძლივობა ჰქონდა ექვს თვეზე ნაკლები.
Nature Medicine-ის 22 სექტემბრის ნომერში, უფრო ყოვლისმომცველი ანალიზი, რომელიც ეყრდნობა ფედერალური ჯანდაცვის მონაცემებს, აჩვენებს, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირებიდან პირველ წელს იზრდება ინსულტის, კოგნიტური და მეხსიერების პრობლემების, დეპრესიის, შფოთვის, შაკიკის, მოძრაობის, სმენისა და მხედველობის დარღვევების, წონასწორობისა და კოორდინაციის პრობლემებისა და პარკინსონის მსგავსი დაავადების რისკები.
"ჩვენ შევაფასეთ თავის ტვინისა და სხვა ნევროლოგიური 44 აშლილობა, როგორც არაჰოსპიტალიზირებულ, ისე ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, მათ შორის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულთა ჩათვლით", — თქვა უფროსმა ავტორმა ზიად ალ-ალიმ, ვაშინგტონის უნივერსიტეტის კლინიკურმა ეპიდემიოლოგმა. "შედეგები აჩვენებს კოვიდ 19-ის დამანგრეველ გრძელვადიან ეფექტს. ეს არის ხანგრძლივი კოვიდის ნაწილი. ვირუსი ყოველთვის არ არის ისეთი კეთილთვისებიანი, როგორც ზოგი ფიქრობს."
მკვლევრებმა გააანალიზეს ყველა ასაკის, რასისა და სქესის პაციენტის დაახლოებით 14 მილიონი დეიდენტიფიცირებული სამედიცინო ჩანაწერი მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც აწარმოებს აშშ-ს ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტი. მონაცემები წინ უძღოდა ვირუსის დელტა, ომიკრონ და სხვა ვარიანტებს.
"ვხედავთ ტვინის პრობლემებს ადრე ჯანმრთელ ადამიანებში და მათში, ვისაც ჰქონდა მსუბუქი ინფექციები", — აღნიშნავს ალ-ალი. "არ აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, ქალი თუ კაცი, ან რომელ რასას წარმოადგენ. არ აქვს მნიშვნელობა ეწეოდი თუ არა, გქონდა თუ არა სხვა მავნე ჩვევები ან გარემოებები."
მათი დასკვნით, დაახლოებით 6.6-მა მილიონმა ადამიანმა განიცადა ვირუსთან დაკავშირებული ტვინის ფუნქციონირების გაუარესება. მათ, ვინც დაინფიცირდა კოვიდ 19-ით, 77%-ით გაეზარდათ მეხსიერების პრობლემების განვითარების რისკი, 50%-ით — იშემიური ინსულტის, ხოლო 80%-ით — ეპილეფსის ან კრუნჩხვების რისკი.
კორონავირუსით დაავადებულებს ასევე ჰქონდათ 43%-ით მეტი შანსი, განვითარებოდათ ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობა, როგორიცაა შფოთვა ან დეპრესია, 42%-ით მეტად შეექმნათ მოძრაობის დარღვევები, 35%-ით უფრო ხშირად განიცდიდნენ მსუბუქ და ძლიერ თავის ტკივილს, 30%-ით ხშირად ჰქონდათ თვალის პრობლემები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა ან ბადურის ანთება, და 22%-ით უფრო ხშირად უვითარდებოდათ სმენის დარღვევები, როგორიცაა ტინიტუსი.
ალ-ალიმ მოუწოდა მთავრობებსა და ჯანდაცვის სისტემებს, შეიმუშაონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და პრევენციის პოლიტიკა და სტრატეგიები, როგორც მიმდინარე პანდემიის მართვისთვის, ასევე პოსტ-კოვიდის მსოფლიოსთვის. ალ-ალის თქმით, "პანდემიის კოლოსალური მასშტაბის გათვალისწინებით, ამ გამოწვევების დაძლევა მოითხოვს სასწრაფო და კოორდინირებულ — მაგრამ, ჯერჯერობით, არარსებულ — გლობალურ, ეროვნულ და რეგიონულ რეაგირების სტრატეგიებს."
კომენტარები