Apple-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ iPhone 14-ს სერიოზული პრობლემები აქვს
Apple-დან გაჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაიგეთ, რა სჭირს iPhone-ის ახალ მოდელს და რამდენად მოგვარებადია პრობლემა
ამ კვირაში Apple-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Phone 14-ს პრობლემები აქვს. კომპანიამ ხაზი გაუსვა iMessage-ისა და FaceTime-ის გაუმართაობას. Apple-მა აღიარა, რომ ეს ორი აპი ახალ აიფონებზე შესაძლოა, სრულად ვერ გააქტიურდეს. პრობლემას ვერც iOS 16.0.1.-ის განახლება აგვარებს.
Apple-მა დეტალურად ჩაშალა პრობლემის "სიმპტომები" და გვაუწყა, რომ მობილურის გააქტიურებისას შესაძლოა, შემდეგ პრობლემებს გადავაწყდეთ:
- თქვენ ვერ იღებთ iMessage-ებს ან FaceTime ზარებს;
- შეტყობინების გაგზავნის შემდეგ ჩნდება მწვანე ბურთულა (წარმატებული გაგზავნის სიმბოლო), ნაცვლად ლურჯისა;
- Messages-ში მიმოწერები ორ ფანჯარაში ჩნდება, ნაცვლად ერთისა;
- თქვენი შეტყობინების ადრესატები თქვენს არასწორ ანგარიშს ხედავენ — პირობითად, თუ თქვენ მეილიდან გაგზავნეთ და თქვენი მობილურის ნომერს აჩვენებს.
პრობლემა ცხადია, მაგრამ როდის და როგორ მოგვარდება ჯერ უნცობია. Apple ურჩევს მომხმარებლებს განაახლონ სისტემა iOS 16.0.1-მდე, რათა პრობლემა "მოგვარდეს", თუმცა iOS 16.0.1 ამ კონკრეტულ პრობლემებზე რეალურად არაა გათვლილი.
MacRumors-მა მოიპოვა Apple-დან გაჟონილი შიდა მემო, რომლის მიხედვითაც კომპანიაში აღიარებენ, რომ არ იციან, როგორ მოაგვარონ პრობლემა. ეჭვები უკვე განახლებულ iOS 16.0.1-ზეც ჩნდება და ზოგი ექსპერტი მომხმარებელს მისი დაყენების ნაცვლად ისევ iOS 15.7-ს ურჩევს.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, სადაც მომხმარებლები ჩივიან, რომ მათი კამერის ლინზა მოძრაობს, ირხევა და ხმასაც გამოსცემს, როდესაც კამერას რთავენ ისეთ აპებზე, როგორებიცაა: Instagram, Snapchat და TikTok.
იუთუბერმა ლუკ მაიენიმ ტვიტერზე დადო ვიდეო, რომელშიც აჩვენებს, როგორი ვიბრაცია აქვს მისი აიფონის კამერას, როდესაც ის Snapchat-ით რაიმეს გადაღებას ცდილობს, რაც ფოტოს სრულად აფუჭებს. თქვენ ვიდეოში ლინზის რხევის, ვიბრირების ხმასაც გაიგონებთ, რაც უჩვეულოა.
წაიკითხეთ ასევე: მომხმარებელთა თქმით, iPhone 14 Pro-ს კამერას პრობლემები აქვს — რა ხდება
მან თქვა: "ყველაზე საშინელი ისაა, რომ საკუთრივ კამერა ფიზიკურად დაზიანდა და უკვე ჩვეულებრივი ფოტოს გადაღებაც (ყოველგვარი აპის გარეშე) კი შეუძლებელი გახდა". მას მობილურის კამერა Apple-ის მაღაზიაში შეუცვალეს, თუმცა პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა და, როგორც კომპანიამ განაცხადა, ის ახალი iOS 16.0.2-ის გამოშვებით გამოსწორდება, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი.
Snapchat-შიც განაცხადეს, რომ ისინი Apple-თან თანამშრომლობენ, რათა კამერასთან დაკავშირებული პრობლემა მალევე მოგვარდეს.
როგორც წესი, პრობლემები ყოველი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვების დროს არის, თუმცა iOS 16-ის შემთხვევაში ეს გაცილებით მეტი იყო. ამას გარდა, iPhone-ის ახალ პროდუქციას იმდენი სისტემური პრობლემა აღმოაჩნდა, რომ ვეჭვობთ, 16.0.2-მა აღმოფხვრას ყველა ეს ხარვეზი. სავარაუდოდ, დამატებით იქნება საჭირო 16.0.3 და 16.0.4, რომელთა ბეტა ვარიანტებიც, სხვათა შორის, უკვე ცდებს გადის. ასე რომ iPhone-ის ახალი მოდელის მყიდველებს რამდენიმე კვირის მანძილზე საკუთარი სისტემის განახლება მოუწევთ.
კომენტარები