შესაძლოა, YouTube-ზე ვიდეოს ჩართვამდე 10-მდე რეკლამის ყურება მოგიწიოთ
YouTube მსოფლიოში ვიდეოკონტენტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პლატფორმაა. მისი გამოყენება სრულიად უფასოა, უფრო სწორედ, ჩვენი დროის ფასად ჯდება, რომელსაც ვიდეოების რეკლამების ნახვაში ვხარჯავთ. ამგვარად, YouTube ვიდეოს შემქმნელებს ფინანსურად უზრუნველყოფს. ბოლო წლებში ყველაფრის ფასის ზრდასთან ერთად რეკლამების რაოდენობაც გაიზარდა და კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი რაოდენობა (კერძოდ, რეკლამების, რომლებსაც skip (გამოტოვების) ღილაკი არ აქვთ) მალე 10-მდე გაიზრდება.
მსგავსი რეკლამები, როგორც წესი, ვიდეოს დასაწყისში ან, თუ ვიდეოს ავტორისგან არის ნებართვა, კონტენტის შუაშიც ჩნდება და რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება, თუმცა გრძელ ვიდეოებს გარკვეული დროის შემდეგ ყოველთვის უჩნდებათ გამოტოვების ღილაკი.
ბოლო ერთ თვეში კი მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ გაიზარდა არა მარტო რეკლამების რაოდენობა, არამედ მათი ხანგრძლივობაც და მათ შორის ჭარბობს ისეთები, რომელსაც არ აქვს გამოტოვების ღილაკი. კარგი ამბავი ისაა, რომ ამ რეკლამების ხანგრძლივობა 5-6 წამია, ასე რომ 10 რეკლამის შემთხვევაში მაქსიმუმ 1 წუთით ფერხდება ვიდეოს ყურება.
YouTube-ში აცხადებენ, რომ ვიდეოს დასაწყისში რეკლამების რაოდენობის ზრდა ერთგვარი ექსპერიმენტი იყო. ჩვენ გვსურს, მსოფლიო ბრენდები და ჩვენი აუდიტორია ერთმანეთთან დავაკაშიროთ და ეს ვქნათ ისე, რომ გრძელი ვიდეოების ყურებისას კონტენტის შუაში რეკლამის გამოჩენით არ შეწყდეს ვიდეოს ნახვის პროცესი. ჩვენთვის მომხმარებლის გამოცდილება პრიორიტეტია და ამ ექსპერიმენტით ზუსტად ამის კვლევა გვსურდა, — აცხადებენ YouTube-ში.
ჯერ უცნობია, გაზრდილი რეკლამები გასცდება ექსპერიმენტის ფაზას და დამკვიდრდება მიღებულ პრაქტიკად თუ არა, თუმცა აშკარაა, რომ დღეს YouTube-ზე ვიდეოს ჩართვისას გაცილებით მეტი რეკლამა ჩნდება, ვიდრე ადრე იყო. ჩვენ ამ პლატფორმას, სადაც მილიარდობით ჩვენთვის საინტერესო ვიდეო კონტენტია, სრულიად უფასოდ ვიყენებთ. თუ რეკლამები ძალიან გაღიზიანებთ, შეგიძლიათ, იყიდოთ პრემიუმ ანგარიში, სადაც არც ერთი რეკლამა არ იქნება. იქამდე კი ვიდეოს სანახავად რეკლამების ყურებით საკუთარი დროით მოგვიწევს გადახდა.
კომენტარები