ადამიანები მავნე ნივთიერებებისგან ჰაერის გაწმენდაში იღებენ მონაწილეობას — ახალი კვლევა
ჩვენ უნებლიეთ ვცვლით ჩვენ გარშემო არსებულ ქიმიურ გარემოს
ჩვენ გარშემო ჰაერში უამრავი ტიპის დამაბინძურებელი ნივთიერებაა. გარეთ მათი "ჩარეცხვა", გაწმენდა ხდება წვიმის მეშვეობით ან დაჟანგვით, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივების ოზონთან და წყლის ორთქლთან ინტერაქციისას ხდება.
და რა ხდება დახურულ სივრცეში?
ახალი კვლევის მიხედვით, დაჟანგვა შენობების შიგნითაც ხდება: ქიმიური წმენდა, რომელსაც ჰიდროქსილის (OH) რადიკალი ახორციელებს, ხდება გარედან შემოსული ოზონისა და იმ დაჟანგვის ველის კომბინაციით, რომელსაც ჩვენვე ვქმნით ჩვენ გარშემო, რაც ნიშნავს, რომ ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას ამ ქიმიურ რეაქციაში.
უნდა აღინიშნოს, რომ OH რადიკალების რაოდენობა სახლებსა და გარეთ თითქმის ერთნაირია.
"ჩვენთვის გასაოცარი იყო იმის აღმოჩენა, რომ ჩვენ, ადამიანები, არა მარტო წარმოვქმნით რეაქტიულ ქიმიურ ნივთიერებებს, არამედ მათი ტრანსფორმირების უნარიც გვაქვს", — თქვა ქიმიკოსმა ნორა ზანონიმ.
მკვლევრებმა ოთახში, სადაც ჰაერზე დაკვირვებაა შესაძლებელი, ჩაატარეს ექსპერიმენტი სამ ცალკეულ 4-კაციან ჯგუფთან. მათ ჩაიწერეს მონაცემები OH რაოდენობის შესახებ ოთახში ოზონის არსებობისას და არარსებობისას და ადამიანის ყოფნისას და არყოფნისას.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ OH რადიკალები დიდი რაოდენობით იყო კონცენტრირებული ცდაში მონაწილე ადამიანების გარშემო. მათ აღმოაჩინეს, რომ ჩვენი დაჟანგვის ველი იქმნება გარედან შემოსული ოზონისა და ჩვენ მიერ გამოყოფილი ოფლის, ზეთებისა და კანის ცხიმის ინტერაქციის შედეგად.
"დაჟანგვის ველის ზომა და სიმძლავრე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ოზონია ოთახში და როგორ ნიავდება სივრცე", — თქვა ზანონიმ.
ითვლება, რომ ადამიანი დროის 90%-ს დახურულ სივრცეში ატარებს, ამიტომ ამ კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ახლა ზუსტად ვიცით, რომ სახლებშიც კი, ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, არის სუფთა და ჯანმრთელობისთვის არამავნე.
მეცნიერებმა აქამდეც იცოდნენ, რომ დაჟანგვა, ჰაერის გაწმენდა, შენობებს შიგნითაც ხდება, თუმცა მათ არ იცოდნენ, რომ ადამიანის როლი ამაში ასე ერთობ დიდია.
ვინაიდან ჩვენ, ადამიანებს, ჩვენ გარშემო არსებული ნივთიერებების ტრანსფორმირებაც შეგვიძლია, ამიტომ ამ პროცესის შესწავლა დახურულ სივრცეებში არსებულ ავეჯთან, სხვადასხვა მატერისთან თუ ქიმიკატთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ჰაერის გაწმენდასთან ერთად შესაძლოა ჩვენთვის, ჩვენი სასუნთქი სისტემისთვის მავნე ნივთიერების წარმოქმნაშიც ვიღებდეთ მონაწილეობას.
მეცნიერებს კიდევ ბევრი რამის შესწავლა სჭირდებათ — ამ რეაქციებში ადამიანის როლის უფრო დეტალური ანალიზი და ასევე იმის გაგება, ახდენს თუ არა ჩვენი დაჟანგვის ველი გავლენას ჩვენ მიერ სუნამოების, სუნების აღქმაზე.
კომენტარები