რატომ გვექავება კოღოს ნაკბენი და როგორ მოვირჩინოთ იგი მოფხანის გარეშე
კოღოს ნაკბენებზე შემაწუხებელი რამ, ალბათ, ზაფხულის ცხელ დღეებში რთულად თუ მოიძებნება. დაზიანებული ადგილი მაშინვე იბურცება, შემდეგ ქავილის შეგრძნება იწყება, მისი მოფხანა კი, როგორც წესი, საკმარისი არასოდეს არის და საქმეს დამატებით ართულებს.
სტატიაში ქავილის შემსუბუქებისა და ნაკბენების პრევენციისთვის რამდენიმე რჩევას მოგცემთ, მანამდე კი გეტყვით,
რატომ გვექავება კოღოს ნაკბენი
კოღო კბენისას კანს პირის სპეციალური ნაწილით, ხორთუმით, ხვრეტს და სისხლის ამოწოვას იწყებს. ამ დროს კანში ნერწყვს უშვებს, რომელსაც საანესთეზიო საშუალების მაგვარი მოქმედება აქვს, ამიტომაც ტკივილს მანამდე ვერ ვგრძნობთ, სანამ კოღო არ გაფრინდება. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ანტიკოაგულანტებსაც (სისხლის შედედების შემფერხებელი ნივთიერებები) შეიცავს, სისხლი შედედების გარეშე აგრძელებს მიმოქცევას.
მეორე მხრივ, ქავილს, კერძოდ, ის ფაქტი იწვევს, რომ ნერწყვში ბევრი ცილა გვხვდება, ზოგიერთი მათგანი კი ალერგენია. კოღოსაგან მიღებულ პროტეინებს სხეული უცხოდ აღიქვამს, ამიტომაც მათგან ჩვენს დასაცავად იმუნური უჯრედები აქტიურდებიან.
შესაბამისად, ქავილს არა თავად ნაკბენი, არამედ სხეულის იმუნური რეაქცია იწვევს, რომელიც შემოჭრილ ცილებთან ბრძოლას ემსახურება. სწორედ ამიტომ, ზოგიერთ ადამიანს ნაკბენებზე შედარებით მსუბუქი რეაქცია აქვს, უცხო ცილის მიმართ მეტად მგრძნობიარეებს კი ნაკბენები მეტად სტკივათ და უსივდებათ.
რის მიხედვით არჩევენ კოღოები მსხვერპლს?
კოღოები ჩვენ მიერ ამოსუნთქული ნახშირორჟანგის საშუალებით ჩვენს სუნს დიდი მანძილიდან გრძნობენ და თავიდან სწორედ ასე გვიახლოვდებიან.
შემდეგ მიზანში ამოსაღებად რამდენიმე სხვადასხვა კომპონენტს იყენებენ: ფორმებს, ზომებს, ფერებს, ამონასუნთქის სუნს, მიკრობიოტას კანზე არსებულ თანაპროდუქტებს და სხვა სუნებს, მათ შორის, ამიაკის, რძემჟავასა და ოქტენოლის. თითოეული მათგანი ნახშირორჟანგს ერევა, რათა კოღოს სხვადასხვა სახეობისათვის მეტად ან ნაკლებად მიმზიდველები გაგვხადოს.
ასევე იხილეთ: რატომ კბენენ კოღოები მაინცდამაინც ადამიანებს? — კვლევა
საბოლოო ჯამში, ეს იმ სუნის ტიპსა და რაოდენობას უნდა უკავშირდებოდეს, რომელსაც ადამიანი გასცემს. არსებობს კვლევები, რომლებიც კონკრეტულად სისხლის ჯგუფს, მის სიტკბოს ანდა გენდერს (მათი ვარაუდით, კოღოებს მდედრობითი სქესი უფრო იზიდავს) ეხება, თუმცა კონკრეტული დასკვნა, რომელიც მსხვერპლის არჩევის ტაქტიკას ახსნის, ჯერჯერობით არ არსებობს.
როგორ ვუშველოთ ქავილს?
პირველ რიგში, არ მოიქავოთ. ცდუნებასთან გამკლავება ხშირად ძალიან რთულია, თუმცა მოფხანას კანის ანთების გამოწვევა შეუძლია, რომელიც ქავილს კიდევ უფრო გააძლიერებს. შესაძლოა, ამან ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს და გაღიზიანება კიდევ უფრო გახანგრძლივდეს, უკიდურეს შემთხვევაში კი ნაიარევიც დაგრჩეთ.
ამის ნაცვლად, ნაკბენი ადგილი დაუყოვნებლივ ცხელ წყალს შეუშვირეთ. იგი იმდენად ცხელი უნდა იყოს, რამდენის ატანაც შეგეძლებათ, თუმცა არც ისეთი, რომ კანი დაიწვათ. ძალიან მაღალი ტემპერატურის მქონე წყალი ქავილის რეფლექსს აჩერებს.
ამას გარდა, არაერთი სპეციალური კრემი, სპრეი და კოღოების დასაფრთხობი საშუალება არსებობს, თქვენთვის შესაფერისის არჩევა კი მხოლოდ მათი გამოცდით შეგიძლიათ.
როგორც წესი, ქავილის საწინააღმდეგო ყველა კრემი ერთმანეთს ჰგავს, თუმცა, თუკი კოღოებზე ძლიერი ალერგია გაქვთ, შესაძლოა, ბენადრილის შემცველი ან მსგავსი ანტიჰისტამინური საშუალებები გამოგადგეთ. ქავილის შემსუბუქებაში ლიდოკაინის გელი ანდა კორტიზონის კრემიც დაგეხმარებათ.
თავისთავად, ქავილთან საბრძოლველად საუკეთესო მეთოდი მაინც თავად ნაკბენის პრევენციაა.
შესაძლოა, ამისათვის სპეციალური ქიმიური საშუალებები გამოგადგეთ, DEET და პიკარიდინი კი ამისათვის უსაფრთხო და საკმაოდ ეფექტური ვარიანტებია. მიუხედავად ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ნივთიერების გამოყენებისას უმჯობესია, ჯერ იგი კანის პატარა ნაწილზე დაიდოთ და დარწმუნდეთ, რომ ალერგიული არ ხართ. ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და ზედმიწევნით მიჰყევით მითითებებს.
შეგიძლიათ, ამ ბმულზე მწერების დამფრთხობი საშუალებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღოთ, რომელშიც CDC-მ გარემოსდაცვითი სააგენტოს (EPA) მიერ ოფიციალურად დარეგისტრირებული საშუალებები გააერთიანა, მათგან თქვენზე მორგებულის არჩევას კი EPA-ს საიტზე შეძლებთ.
როდის გვჭირდება სასწრაფო დახმარება?
მართალია, იშვიათად, თუმცა ზოგიერთ ადამიანს, შესაძლოა, კოღოს ნაკბენზე სერიოზული ალერგიული რეაქცია განუვითარდეს. ანაფილაქსიური შოკის სიმპტომების (მათ შორისაა: ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელება, გულის აჩქარება, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა) შემთხვევაში უმჯობესია, სასწრაფო დახმარებას დაუყოვნებლივ მიმართოთ.
ამასთანავე, თუკი ისეთ ქვეყანაში გეგმავთ გამგზავრებას, რომელშიც ზიკას ვირუსი, მალარია და სხვა მსგავსი დაავადებები ხშირია, უმჯობესია, ექიმს ხელმისაწვდომი ვაქცინების ან სხვა პრევენციული საშუალებების შესახებ გაესაუბროთ, რადგან კოღოს ნაკბენს ზემოხსენებული დაავადებების გადატანა შეუძლია.
კომენტარები