ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა ჩვენგან სულ რაღაც 100 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, რომელიც შესაძლოა, დედამიწაზე მეტ წყალს შეიცავდეს. ის TOI-1452 b-ს სახელითაა ცნობილი და გველეშაპის თანავარსკვლავედში განლაგებულ მნათობთა ბინარულ სისტემაში მოძრაობს.

ეს ობიექტი დედამიწაზე ზომით ოდნავ დიდი და დაახლოებით 5-ჯერ მასიურია, ასევე, საკუთარი ვარსკვლავის გარშემო სიცოცხლისთვის თავსებად არეალში გადაადგილდება, ანუ რეგიონში, სადაც წყლის თხევადი სახით არსებობისთვის სათანადო პირობებია. ის ე.წ. ოკეანური პლანეტის კანდიდატია. ასე ეწოდება ციურ სხეულებს, რომელთა ზედაპირიც სრულად ან თითქმის მთლიანად წყლითაა დაფარული.

მნათობი, რომლის ირგვლივაც ეს ეგზოპლანეტა მოძრაობს, მზეზე მცირე ზომისაა და მეზობელი ვარსკვლავისგან 97 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული. სპეციალისტებმა TOI-1452 b ტელესკოპ TESS-ის მეშვეობით დააფიქსირეს, მონ მეგანტიკის ობსერვატორიის ხელსაწყოების დახმარებით კი უკეთ დააკვირდნენ და მისი მახასიათებლები შეისწავლეს.

დიდი ალბათობით, ზემოხსენებული ციური სხეული, ჩვენი პლანეტის მსგავსად, კლდოვანია, თუმცა მისი რადიუსი, მასა და სიმკვრივე მნიშვნელოვან განსხვავებაზე მიუთითებს. კერძოდ, საქმე იმაშია, რომ დედამიწა, სინამდვილეში, საკმაოდ მშრალი პლანეტაა. მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირის 70% წყალს უკავია, ამ ნაერთზე მასის მხოლოდ 1% მოდის. TOI-1452 b-ს შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი ბევრად მეტია და 30%-ს აღწევს.

ასეთი მონაცემებით ის მზის სისტემაში არსებული გიგანტური პლანეტების, იუპიტერისა და სატურნის ბუნებრივ თანამგზავრებს ჰგავს, როგორებიცაა განიმედე, კალისტო, ტიტანი და ენცელადი.

"TOI-1452 b ოკეანური პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია, რომლისთვისაც აქამდე მიგვიგნია. მისი რადიუსი და მასა ბევრად ნაკლებ სიმკვრივეზე მიანიშნებს, ვიდრე დედამიწის მსგავსი, ლითონითა და ქვით მდიდარი კლდოვანი ობიექტისგანაა მოსალოდნელი", — აცხადებენ ავტორები.

მათი ნაშრომი გამოცემაში The Astronomical Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.