ნახეთ: ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა იუპიტერის გასაოცარი ფოტოები გადაიღო
NASA-მ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული იუპიტერის ახალი, გასაოცარი სურათები გამოაქვეყნა. მათზე მძლავრ შტორმებს, პოლარულ ციალებს, პლანეტის მკრთალ რგოლებს, მის თანამგზავრებს, ფონურ გალაქტიკებსა და კიდევ ბევრ საინტერესო დეტალს ვხედავთ.
მზის სისტემის აირის გიგანტად წოდებული ციური სხეულის შთამბეჭდავი კადრები მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის ახლოინფრაწითელმა კამერამ NIRCam დააფიქსირა, რომელიც 3 ფილტრითაა აღჭურვილი. ინფრაწითელი სინათლე ადამიანის თვალისთვის უხილავია, ამიტომ ის მოყვარულმა მეცნიერმა, ჯუდი შმიტმა ხილულ სპექტრში წარმოგვიდგინა, სადაც გრძელი ტალღები მოწითალოა, მოკლე კი — მოლურჯო.
პირველ სურათზე, რომელიც რამდენიმე კადრს აერთიანებს, იუპიტერის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე გადაჭიმული ციალები წითელი ფილტრითაა აღბეჭდილი. ის ღრუბლების დაბალი ფენებიდან და ნისლის ზედა სარტყლებიდან არეკლილ სინათლეს გამოკვეთს. ნისლია ნაჩვენები მოყვითალო და მომწვანო ფერშიც, რომელიც სხვა ფილტრმა გამოავლინა. ლურჯი ფილტრის წყალობით კი ღრმად განლაგებული ღრუბლის მიერ არეკლილი სხივებია გამოვლენილი.
ასევე, ყველასთვის კარგად ცნობილი დიდი წითელი ლაქა, რომელიც დაახლოებით დედამიწის ზომისაა, ღრუბლების ფენებთან და სხვა შტორმებთან ერთად, თეთრადაა გამოსახული, რადგან თითოეული მათგანი მზის სხივებს ძალიან დიდი რაოდენობით ირეკლავს. სიკაშკაშე სიმაღლის პარალელურად იზრდება, შესაბამისად, მუქი სარტყლები ღრუბლით ნაკლებად დაფარულ რეგიონებს შეესაბამება.
მეორე სურათი იუპიტერს უფრო ფართო ხედით გვიჩვენებს. მასზე შესამჩნევია პლანეტის რგოლები, რომლებიც თავად ამ ობიექტზე მილიონჯერ მკრთალია. ციურ სხეულს გვერდს უმშვენებს თანამგზავრები — ამალთეა და ადრასტეა. ფოტოს ქვედა მხარეს ნათელი წერტილები, სავარაუდოდ, შორეული გალაქტიკებია, რომლებიც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ობიექტივში დაუგეგმავად მოხვდა.
ჯუდი შმიტმა ობსერვატორიის მონაცემები იუპიტერის სისტემის შემსწავლელ სპეციალურ ჯგუფთან თანამშრომლობით დაამუშავა, მეორე ფოტოს შესაქმნელად კი საქმეში მკვლევარი რიკარდო ვესოც ჩაერთო. ისინი ამბობენ, რომ რადგან იუპიტერი სწრაფად ბრუნავს, დეტალების გამოსაკვეთად მისი გამოსახულებების გაერთიანება მარტივი არაა, თუმცა გუნდმა ეს ნამდვილად შეძლო.
კომენტარები