"თეთრი სიკვდილი" — 1 გრამით ნაკლები მარილის მიღებას პოპულაციაში ინფარქტის რისკის შემცირება შეუძლია
ცნობილია, რომ დიდი რაოდენობით მარილის მიღება სისხლის წნევის მომატებას იწვევს, რაც გულსისხლძარღვთა პრობლემებს ედება საფუძვლად. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ჩინეთის ზრდასრული მოსახლეობის მონაცემების გამოყენებით დაადგინეს, რა მოხდება, თუ ისინი რაციონში "თეთრ სიკვდილად" წოდებული პროდუქტის წილს შეამცირებენ.
აღმოჩნდა, რომ სულ რაღაც 1 გრამით ნაკლები მარილის მოხმარება 2030 წლამდე ინფარქტისა და ინსულტის 9 მილიონი შემთხვევის პრევენციისთვის საკმარისი იქნება. თანაც, სხვაგვარად აქედან 4 მილიონი, სავარაუდოდ, ფატალურად დასრულდება. ეს ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მარტივი ცვლილება.
დღესდღეობით ჩინეთში თითოეული ადამიანის მიერ მიღებული მარილის ყოველდღიური საშუალო რაოდენობა 11 გრამია, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ 5 გრამს ბევრად აღემატება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ურბანიზაცია და მასთან ასოცირებული სწრაფი კვების ობიექტები ან დამუშავებული საჭმელია.
აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებმა სხვა სცენარებიც განიხილეს: ზემოხსენებული პროდუქტის 3.2 გრამით შემცირება (საშუალოზე 30 პროცენტით ნაკლები) 2025 წლამდე და დაშვებულ 5 გრამამდე დაყვანა 2030 წლამდე. ამგვარი ცვლილების წყალობით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის 2-ჯერ მეტ შემთხვევას ავიცილებთ თავიდან, რადგან სისხლის სისტოლური წნევა დარეგულირდება.
მეცნიერები აცხადებენ, რომ მსგავსი შედეგისთვის ნაკლები მარილი ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ. სულ რაღაც 1 გრამის სხვაობა კი ძნელი შესასრულებელი ნამდვილად არაა. ამას ჯანმრთელობაზე სხვაგვარი დადებითი გავლენაც შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, სიმსივნის ან თირკმლის პრობლემების რისკზე.
ჩინეთის ხელისუფლებამ კამპანია ჯანმრთელი ჩინეთი 2030 ჩაუშვა, რომლის ფარგლებშიც მარილის რაოდენობის სწორედ რეკომენდებულ 5 გრამამდე შემცირება იგეგმება. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს ქვეყნისთვის უთუოდ საჭიროა. მათი ნაშრომი გამოცემაში BMJ Nutrition, Prevention & Health გამოქვეყნდა.
კომენტარები