როგორ გავიგოთ, ნამდვილია თუ არა ვიდეოზარისას ადამიანის გამოსახულება? — მარტივი ხრიკი
მკვლევრები მარტივ ხრიკს წააწყდნენ, რომლის საშუალებითაც ვიდეოზარზე ვინმეს მხრიდან Deepfake პროგრამის გამოყენებას დააფიქსირებთ: ადამიანს უბრალოდ თავის შებრუნება სთხოვეთ.
კომპანია Metaphysic-ის ბლოგპოსტს თუ დავუჯერებთ, თანამედროვე Deepfake პროგრამათა დიდი ნაწილი ადამიანის პროფილს კარგად ვერ აყალბებს. მაშინ, როცა თაღლითის თავი რომელიმე მხარეს 90 გრადუსით ბრუნდება, სხვა მხრივ ერთი შეხედვით რეალისტურ ილუზიასაც ეხდება ფარდა.
შესაძლოა, მეთოდი ახლო მომავალში ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდეს, რადგან თაღლითები Deepfake ტექნოლოგიას ფულისა თუ პირადი ინფორმაციის მოსაპარად მარტივად იყენებენ.
ხრიკი მუშაობს, რადგან Deepfake ალგორითმთა უმეტესობა ძირითადად სახის წინა ნაწილების განლაგებას ეფუძნება. მეტიც, არსებული ვიდეოშიგთავსის უმრავლესობა პროფილის კადრებს ძირითადად არ მოიცავს, რადგან ამას უბრალოდ არ ითხოვენ.
"პროფილი თანამედროვე Deepfake ტექნოლოგიებისათვის დიდი პრობლემაა", — განაცხადა სივეი ლიუმ, ბუფალოს უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის პროფესორმა — "ალგორითმს მაქსიმუმ მისი დაახლოებით განსაზღვრა შეუძლია".
გასათვალისწინებელია, რომ ამ კუთხით გარკვეული შეზღუდვები მაინც არსებობს. მაგალითისთვის, შესაძლოა, მთლიანი თავი ფოტორეალისტური CGI მოდელით ჩანაცვლდეს. იმ ტექნოლოგიების საშუალებით, რომლებიც სხეულს სამ განზომილებაში ასკანერებს, თაღლითს დამაჯერებლად შეუძლია, თავისი გამოსახულება სხვა ადამიანისად გარდაქმნას.
საგულისხმოა, რომ, რაოდენ მარტივიც არ უნდა იყოს ამ მეთოდით Deepfake ტექნოლოგიის რეალური გამოსახულებისაგან გარჩევა, დიდი ალბათობით, თაღლითები ამისაგან თავის დასაძვრენ გზასაც გამონახავენ.
კომენტარები