თაგვის შემდეგ, ადამიანის ემბრიონი — Renewal Bio ადამიანის ხელოვნური ემბრიონის შექმნაზე მუშაობას იწყებს
გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ ისრაელში მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით, მსოფლიოში პირველი სინთეზური ემბრიონი შექმნეს. იგივე მკვლევრები ახლა ქმნიან ადამიანების ემბრიონებს ტრანსპლანტაციის მკურნალობაში გამოსაყენებლად.
"ჩვენი კომპანია, Renewal Bio ღეროვანი უჯრედების ტექნოლოგიისა და ხელოვნური საშვილოსნოების შექმნის მხრივ მსოფლიო ლიდერია", — ამბობს ჯეიკობ ჰანა, ბიოლოგი და Renewal-ის დამფუძნებელი.
ჰანას კვლევა ორშაბათს ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა. ის უკვე მუშაობს ამ ტექნოლოგიის დახვეწაზე. მან MIT Technology Review-ს განუცხადა, რომ საბოლოოდ გამოიმუშავებს ადამიანის ემბრიონის ხელოვნურ მოდელებს, რომლებიც ექვივალენტურია 40-დან 50 დღის ორსულობასთან.
"ჩვენ ემბრიონს, როგორც საუკეთესო 3D ბიოპრინტერს ისე ვუყურებთ. ეს საუკეთესო საშუალებაა ორგანოებისა და სათანადო ქსოვილების შესაქმნელად", — ამბობს ჰანა.
უნივერსალური საწყისი წერტილი
ამ მომენტისთვის მკვლევრებს შეუძლიათ დაბეჭდონ ან გაზარდონ ისეთი მარტივი ქსოვილები, როგორიცაა ხრტილი ან ძვალი. რთული უჯრედების ტიპებისა და ორგანოების ბეჭდვა რთული აღმოჩნდა. თუმცა, ემბრიონი იწყებს სხეულის მშენებლობას ბუნებრივად.
"ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ ეს ორგანიზებული ემბრიონები ადამიანის ორგანოების შესაქმნელად. ამის შემდეგ მათ ტრანსპლანტაციისთვის გამოვიყენებთ. ჩვენ მას ვუყურებთ, როგორც უნივერსალურ საწყის წერტილს", — თქვა ჰანამ.
Renewal Bio-ს ტექნიკური გეგმა ჯერ არ არის გამჟღავნებული და შესაბამისად ჩვენც ბევრი რამ არ ვიცით.
"დეტალებზე ცოტას ვსაუბრობთ. ჩვენ არ გვინდა ზედმეტი დაპირებების გაცემა და არც ხალხის გაღიზიანება გვსურს. გასათვალისწინებელია, რომ ეს სენსიტიური საკითხია", — თქვა ჰანამ.
თუმცა, საკითხს ყველა ოპტიმისტურად არ უყურებს. არიან მეცნიერები ვისაც მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე ადამიანის ხელოვნური ემბრიონის შექმნა არ შეგვიძლია.
მიუხედავად ამისა, ჰანამ და მისმა გუნდმა თაგვების უჯრედებისგან "სინთეზური ემბრიონები" უკვე წარმატებით გაზარდეს და ეს სპერმის, კვერცხუჯრედისა და საშვილოსნოს გამოყენების გარეშე. უკვე 8 დღის შემდეგ ისინი 95 პროცენტით ჰგავდნენ თაგვის ნორმალურ ემბრიონებს და ჰქონდათ გაზრდილი პლაცენტა. ამასთან, საწყის ეტაპზე იყო ხერხემლი, ტვინი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და გულის ცემა. თუმცა, ჰანას თქმით, ეს არ უნდა აღვიქვათ როგორც ნამდვილი სრულყოფილი ემბრიონები.
ეს ყველაფერი წარმატების იმედს იძლევა, თუმცა, ადამიანის შემთხვევაში ჩამოყალიბებას ბევრად მეტი დრო სჭირდება, შესაბამისად თაგვებზე მიღწეული წარმატების ადამიანებზე გამეორება ბევრად რთული იქნება.
კომენტარები