ილონ მასკი Twitter-ის CEO-სთან საჯარო დებატებს ითხოვს – რატომ
მასკი 44-მილიარდიანი გარიგების აღდგენის გზაზეც საუბრობს.
ახლა უკვე ყველამ ვიცით ილონ მასკის აზრი ტვიტერის სპამ ბოტებთან თუ ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებით. ეს სწორედ ისაა, რის გამოც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა სოციალური მედიის გიგანტის — Twitter ყიდვა გადაიფიქრა. ამ გადაწყვეტილებამდე მასკი პლატფორმას ბოტებთან დაკავშირებულ მონაცემებს სთხოვდა, რაც, მისი შეფასებით, ვერ მიიღო.
რა თქმა უნდა, შესყიდვის დაძრული პროცესისა და 44-მილიარდ დოლარიანი გარიგების ჩაშლის საპასუხოდ, Twitter-მა მასკს უჩივლა. ახლა კი SpaceX-ისა და Tesla-ს CEO ტვიტერის CEO-სთან საჯარო დებატებს ითხოვს.
ყველაფერი კიბერუსაფრთხოების მკვლევრის — ანდრეა სტროპას ტვიტით დაიწყო, სადაც ის მასკისა და ტვიტერის კონფლიქტსა და სარჩელს აჯამებდა. შაბათს მასკმა მას უპასუხა და აღნიშნა, რომ ის აღადგენს 44-მილიარდ დოლარიან გარიგებას, თუკი პლატფორმა უბრალოდ გაამჟღავნებს, თუ როგორ ადევნებს თვალს ბოტებსა და ყალბ ანგარიშებს.
"თუ ტვიტერი მარტივად ახსნის იმ მეთოდს, რომელსაც თუნდაც 100 ანგარიშის შესარჩევად და მათი ნამდვილობის დასადგენად იყენებს, გარიგება აქამდე არსებული პირობებით გაგრძელდება. თუმცა, თუ გამოაშკარავდება, რომ მათი SEC ფაილები არსებითად ყალბია, ეს ასე არ მოხდება", — დაწერა მასკმა.
და არამხოლოდ. მილიარდერმა ტვიტერის CEO — პარაგ აგრავალი დებატებში გამოიწვია — "ვიწვევ @paraga-ს საჯარო დებატებში, რომელიც Twitter-ის ბოტების პროცენტული მაჩვენებელს შეეხება. დაე, დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ Twitter-ს ჰყავს <5% ყალბი ან სპამი ყოველდღიური მომხმარებელი!"
მასკმა გამოკითხვაც დადო, სადაც გამომწერებს სთხოვს, კი ან არა მონიშნონ შემდეგი წინადადების პასუხად — "ტვიტერის ყოველდღიური მომხმარებლების 5%-ზე ნაკლებია ყალბი/სპამი".
წარსულში მილიარდერს უთქვამს, რომ სჯერა, ტვიტერის ყოველდღიური მომხმარებლების 20% ყალბი ან სპამ ანგარშებია. აღნიშნულს მაშინ ტვიტერმა უპასუხა, რომ ასეთ მომხმარებელთა რიცხვი 5%-ს არ აღემატება. მასკის თქმით, მან ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ მიიღო, შესაბამისად, გარიგება შეაჩერა.
აღსანიშნავია, რომ წარსულში Twitter-მა მასკს გარკვეულ ინსტრუმენტზე წვდომა მისცა, რომელიც ყალბი ანგარიშების რაოდენობის ვერიფიცირებისთვის იყო განკუთვნილი. ამის პასუხად მასკმა განაცხადა, რომ ინსტრუმენტს აქვს ხელოვნური "დაფარვა" ჰქონდა იმ მოთხოვნების რაოდენობაზე, რომლებიც შეიძლება შესრულებულიყო, რაც ხელს უშლიდა მის გუნდს სრული ანალიზის განხორციელებაში, დროის ნებისმიერ გონივრულ პერიოდში.
თუ აგრავალი უპასუხებს მასკის ახალ ტვიტებს, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი სპამის/ბოტების დებატებში რამე ფორმით ჩაერთვებიან. ეს მაისშიც მოხდა, როცა Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც განმარტა, თუ რატომ იყო რთული ყალბ/სპამ ანგარიშებთან ბრძოლა პლატფორმაზე, რასაც მასკმა განავლის ემოჯით უპასუხა.
კომენტარები