ჯეიმს ვების მორიგი ახალი ფოტო — ტელესკოპმა ეტლის ბორბლის გალაქტიკა გადაიღო
NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ეტლის ბორბლის გალაქტიკას აკვირდებოდა. შედეგად მან აჩვენა ახალი დეტალები ვარსკვლავების წარმოქმნისა და გალაქტიკის ცენტრში მყოფი შავი ხვრელის შესახებ. ვებმა წარმოადგინა ეტლის ბორბლის გალაქტიკისა და ორი პატარა კომპანიონი გალაქტიკის ეს დეტალური სურათი მრავალი სხვა გალაქტიკის ფონზე. ეს სურათი იძლევა ახალ ხედს იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა ბორბლისებრი გალაქტიკა მილიარდობით წლის განმავლობაში.
ბორბლისებრი გალაქტიკა, რომელიც მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 500 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, იშვიათი სანახაობაა. მისი ვიზუალი არის ძლიერი მოვლენის შედეგი — ესაა დიდი სპირალური გალაქტიკისა და პატარა გალაქტიკის მაღალი სიჩქარით შეჯახება, რომელიც ამ სურათზე არ ჩანს.
შეჯახებამ ყველაზე მეტად იმოქმედა გალაქტიკის ფორმასა და სტრუქტურაზე. გალაქტიკას აქვს ორი რგოლი — ნათელი შიდა რგოლი და გარშემორტყმული, ფერადი ბეჭედივით. ეს ორი რგოლი ფართოვდება შეჯახების ცენტრიდან, როგორც ტალღები წყალში ქვის ჩაგდების შემდეგ. ამ გამორჩეული მახასიათებლების გამო, ასტრონომები ასეთ გალაქტიკებს უწოდებენ "ბეჭდის გალაქტიკებს", სტრუქტურას, რომელიც ნაკლებად გავრცელებულია, ვიდრე სპირალური გალაქტიკები, როგორიცაა ჩვენი ირმის ნახტომი.
კაშკაშა ბირთვი შეიცავს ცხელი მტვერის უზარმაზარ რაოდენობას, ყველაზე კაშკაშა ადგილებში არის გიგანტური ახალგაზრდა ვარსკვლავური გროვები. მეორეს მხრივ, გარე რგოლში, რომელიც გაფართოვდა დაახლოებით 440 მილიონი წლის განმავლობაში, დომინირებს ვარსკვლავური ფორმირებები და სუპერნოვები.
სხვა ტელესკოპებმა, მათ შორის ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა, ადრე გამოიკვლია ეს გალაქტიკა. თუმცა, გალაქტიკა საიდუმლოებით არის მოცული. ამის მიზეზი მტვრის ოდენობაა, რომელიც ფარავს ხედს. თუმცა, ვების ინფრაწითელ "მხედველობას" ეს წინ ვერ აღუდგება.
ვების დაკვირვებები ხაზს უსვამს, რომ ეტლის ბორბლის გალაქტიკა არის ძალიან გარდამავალ ეტაპზე. გალაქტიკა, რომელიც შეჯახებამდე ჩვეულებრივი სპირალური იყო, როგორიც ირმის ნახტომია, გააგრძელებს ტრანსფორმაციას. ეს გალაქტიკების ევოლუციისა თუ განვითარების შესასწავლად ძალიან მნიშვნელოვანია.
კომენტარები