თუ კითხულობთ ჩვენს სტატიებს ან უბრალოდ დაინტერესებული ხართ მედიცინითა და მოლეკულური ბიოლოგიით, ალბათ, ხშირად გექნებათ გაგონილი CRISPR-ის შესახებ. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის გენომის რედაქტირების მეთოდი (ერთგვარი "მაკრატელი"), რომლის მეშვეობითაც მეცნიერები ჭრიან და ცვლიან ნებისმიერ გენს.

გენომის მოდიფიცირების რამდენიმე მეთოდია აპრობირებული. მათ შორის ყველაზე ფართოდ CRISPR-Cas9 გენის მაკრატელს (CRISPR ასოცირებული პროტეინ 9-თან) იყენებენ. მისი მრავალპროფილური გამოყენება ადამიანებს სამომავლოდ არაერთი დაავადების განკურნების იმედს უსახავს.

მოისმინეთ: შემდეგი პოდკასტი: CRISPR — გენური ინჟინერიის რევოლუციური იარაღი

ერთი შეხედვით, საკმაოდ მარტივი და ეფექტურია, არა? ჭრი და ცვლი გენს. უახლესი კვლევით, ეს მთლად ასეთი მარტივად და უსაფრთხოდაც არ გამოიყურება.

CRISPR-Cas9

ფოტო: HHMI BioInteractive

კვლევაში, რომელიც Nature Biotechnology-ში გამოქვეყნდა, მეცნიერები თელავივის უნივერსიტეტიდან გვაფრთხილებენ, რომ CRISPR ყოველთვის შეიძლება, ვერ იყოს უსაფრთხო, რადგან დნმ-ის მონაკვეთებისთვის ადგილების გადანაცვლებით ირღვევა გენომის სტაბილურობა და ამან გრძელ ვადაში შეიძლება, სიმსივნე გამოიწვიოს.

ნობელის პრემიის ლაურეატი მეთოდის რისკები

დაახლოებით ერთი ათწლეულის წინ განვითარებული CRISPR-ის ტექნოლოგია იმდენად ინოვაციური და თავისი მნიშვნელობით დიდია, რომ მისი ავტორი 2020 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ქიმიაში. პირველი კლინიკური ცდებიც პენსილვანიის უნივერსიტეტში 2020 წელს ჩატარდა, როდესაც მკვლევრებმა ეს ტექნიკა ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ დამტკიცებულ კვლევაში T-უჯრედებზე გამოიყენეს.

ახალი კვლვევა კი ზუსტად ამ T-უჯრედებზე CRISPR-ის ზეგავლენას სწავლობს. ის იკვლევს რისკებს იმ ინოვაციური ტექნოლოგიისა, რომელსაც იყენებენ სიმსივნის, ღვიძლის, ნაწლავების დაავადებებისა და გენეტიკური სინდრომების სამკურნალოდ. შედეგად, მეცნიერებმა უჯრედების დაახლოებით 10%-ში აღმოაჩინეს, რომ დნმ-ის ზოგიერთ მონაკვეთში არაა გენეტიკური მასალა, დარღვეულია ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა. მსგავსმა დესტაბილიზაციამ მომავალში შეიძლება, სიმსივნე გამოიწვიოს.

"ჩვენი მიზანი ამ კვლვევაში იყო CRISPR-ის თერაპიის პოტენციური რისკების გამოვლენა. ჩვენ ეს გავაკეთეთ იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტექნოლოგიას მართლაც ძალიან დიდი უპირატესობები აქვს", — თქვეს დოქტორმა ადი ბარზელმა და მისმა დოქტორანტმა ალესიო ნაჰმადმა.

პოტენციური გამოსავლის საპოვნელად მეტი კვლევაა საჭირო

ამიტომაა, რომ მეცნიერები გვაფრთხილებენ — CRISPR-ის თერაპიის გამოყენებისას სიფრთხილე გვმართებს. ისინი გვთავაზობენ კვლევას ორი მიმართულებით: დაზიანებული უჯრედების გაზრდა/გამრავლების შეჩერება ან მათი აღმოჩენა და განადგურება, სანამ პაციენტი მიიღებს მათ.

"ჩვენ სხვა კვლევებში განვავითარეთ CRISPR-ზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდები, მაგალითად, საკმაოდ დამაიმედებელი თერაპია შიდსის მქონე პაციენტებისთვის. ჩვენ ორი კომპანიაც კი დავაარსეთ — ერთი იყენებს CRISPR-ს, მეორე კი თავს იკავებს მისი გამოყენებისგან. ანუ ჩვენ ვაღიარებთ ამ ტექნოლოგიის უპირატესობებს, ვიყენებთ მას, თუმცა, ამავე დროს, ვუფრთხით მის პოტენციურ რისკებს. შეიძლება, ეს ოდნავ წინააღმდეგობრივი ჩანდეს, მაგრამ როგორც მეცნიერები ჩვენ ამ მიდგომით ვამაყობთ, რადგან გვჯერა, რომ ესაა მეცნიერების მთვარი არსი: ჩვენ არ ვირჩევთ მხარეებს, ჩვენ საკითხის ყველა ასპექტს ვიკვლევთ, დადებითსაც და უარყოფითსაც და ამ გზით ვეძებთ პასუხებს", — აღნიშნეს მკვლევრებმა

როგორც მეცნიერებმა არაერთხელ თქვეს, CRISPR-ის ნაკლისთვის ხაზის გასმა არ ნიშნავს მასზე უარის თქმას. ბოლოს და ბოლოს, როგორ ვაპირებთ მის განვითარებას თუ ნაკლზე არ მივუთითებთ და არ ვეცედებით მის გამოსწორებას?