რუსეთმა Google-ს "აკრძალული" YouTube ვიდეოს გამო $365 მლნ-ის ჯარიმა დააკისრა
როგორც Reuters იუწყება, YouTube-ის იმ ვიდეოების გამო, რომლებიც ქვეყნის კანონებს ეწინააღმდეგება, რუსეთმა Google-ს 365 მილიონი დოლარის, ან 21.1 მილიარდი რუბლის ჯარიმა დააკისრა. პრესრელიზის მიხედვით, რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა როსკომანდორმა განაცხადა, რომ YouTube-მა არ შეასრულა ბრძანება "აკრძალული კონტენტის" მოცილების შესახებ, რომელიც "ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წამახალისებელ" შინაარსს შეიცავს. გარდა ამისა, სავარაუდოდ, "აკრძალული" ვიდეოები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, რუსეთის აღქმით, "მცდარ ინფორმაციასაც" მოიცავდა.
მარტში როსკომანდორი Google-ს "არალეგალური" YouTube ვიდეოების გამო დაემუქრა და განაცხადა, რომ ჯარიმა 8 მილიონი რუბლიდან დაიწყებოდა (~$94,675 იმდროუნდელი ვალუტის კურსით), Google-ის ყოველწლიური შემოსავლის 20%-მდე გაზრდის შესაძლებლობით. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში კომპანიის წლიური ბრუნვა 21.1 მილიარდ რუბლს შეადგენს, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, ნამდვილად გადაიხდის თუ არა ჯარიმას ტექ გიგანტი.
კომპანიამ ადრე განაცხადა, რომ რუსეთში ფუნქციონირების შეწყვეტას მაისში გეგმავდა და ისიც აღნიშნა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა კომპანიას რუსეთში აქტივები ჩამოართვა. აქედან გამომდინარე, ფილიალისთვის მუშაობის გაგრძელება "გაუმართლებელი" იქნებოდა. Google-ის რუსულმა შვილობილმა კომპანიამ გასულ თვეს გაკოტრების შესახებ განაცხადა.
რუსეთსა და Google-ს უთანხმოება ადრეც ჰქონდათ. გასული წლის დეკემბერში, რუსეთმა, აკრძალული შინაარსის გამო, კომპანიას 100 მლნ დოლარის ჯარიმა დააკისრა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სიტუაცია უფრო გამწვავდა. სხვა ტექ კომპანიების მსგავსად, Google-მა რუს მომხმარებლებს ბევრ სერვისზე შეუზღუდა წვდომა, შეაჩერა რეკლამების განთავსება, მოახდინა რუსეთის სახელმწიფოს მხარდაჭერილი მედიების YouTube არხების დემონეტიზაცია და ამ არხებზეც შეზღუდა წვდომა.
კომენტარები